„ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორის, ბექა ბექაიას განცხადებით, სექტემბრიდან ჰოლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ახალი საწარმოს გახსნის შესახებ, რომელიც ცენტრალური აზიის ბაზრების მომარაგებას უზრუნველყოფდა. პროექტში 10 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში არსებული მოვლენების გამო მოლაპარაკებები შეჩერდა.
„სექტემბრიდან ძალიან დიდ ჰოლანდიურ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკებები. ეს კომპანია დიდი ხანია ჩვენი პარტნიორია. საუბარი შეეხებოდა პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა ახალი საწარმოს გახსნა საქართველოში. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ევრო იყო, საწარმო ცენტრალური აზიის ბაზრებს მოამარაგებდა. თუმცა, ახლახან გავიგეთ, რომ გადაწყვეტილება თურქეთში საწარმოს გახსნის შესახებ მიიღეს. შესაბამისად, ეს პროექტი, სავარაუდოდ, სამუდამოდ გაჩერდა,“ – აღნიშნა ბექაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ბექაიას თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაცია ჯერჯერობით პირდაპირ გავლენას არ ახდენს კომპანიის გაყიდვებზე, თუმცა თუ ვითარება გაგრძელდება, შესაძლოა, ბიზნესზეც აისახოს.
„კრიზისული სიტუაციაა ქვეყანაში. წარსულშიც ყოფილა უარესი შემთხვევები, მაგალითად, სამოქალაქო ომი, მაგრამ ასეთი ხანგრძლივი საპროტესტო აქციები და საზოგადოების გაყოფა იშვიათია. ეს ბიზნესისთვის არც თუ სასურველი გარემოა. ჩვენი კომპანია საკვების წარმოების ჯაჭვშია ჩართული, ამიტომაც კრიზისის პირდაპირი გავლენა ჯერჯერობით არ იგრძნობა. თუმცა, თუ მოვლენები ასე გაგრძელდება, ეს, სავარაუდოდ, გაყიდვებზე აისახება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე აშკარაა ზეგავლენა“ – განაცხადა ბექაიამ.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის ფართო პროტესტის მიზეზი გახდა. მოქალაქეები უკვე თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს და ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნეს სექტორი, რომელიც აქტიურად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო „რუსეთის გზაზე“ მიდის, რაც ქვეყნის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოქალაქეები და ბიზნესები მთავრობისგან მოითხოვენ ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებას.
ამ ფონზე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის „ნუტრიმაქსი“, მკაფიოდ გამოხატავენ თავის შეშფოთებას და აღნიშნავენ, რომ კრიზისი ეკონომიკურ გამოწვევებს აძლიერებს.