"თბილისი 2015"-სთვის ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულებულია

"თბილისი 2015"-სთვის ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ობიექტების გახსნა უახლოეს დღეებში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ დღეს დიდი დიღმის ტერიტორიაზე ოთხი ობიექტი: ტანვარჯიშის სასახლე, ფრენბურთის სასახლე, ოლიმპიური საცურაო აუზი და მძლეოსნობის არენა იხსნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

"ჯერ კიდევ 18 თვის წინ ეს ტერიტორია იყო მიგდებული და ნაგავსაყრელად ქცეული, ახლა კი ვხედავთ რა შედეგი მივიღეთ. შეიძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენს რეგიონში და უახლოეს მეზობელ ქვეყნებში ერთ ლოკაციაზე მდებარე ამდენი სპორტული ობიექტი არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, მიმზიდველია სპორტის ყველა სახეობისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისს უკვე აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზები. რაც შეეხება სხვა ობიექტებს, ყველა ობიექტის მშენებელობა დასრულებულია და მათი გახსნა უახლოეს დღეებში მოხდება", - განაცხადა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, ასევე დასრულებულია ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაც. "ყველაზე დიდ ინტერესს, ალბათ, უნივერისტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე იწვევს. მისი მშენებლობა დასრულებულია და მინდა ხვალ და ზეგ ყველა მივიწვიო იქ, რადგან ტარდება სატესტო შეჯიბრებები ხელბურთში. ასე რომ, საორგანიზაციო კომიტეტს არა მარტო ინფრასტრუქტურული, არამედ საორგანიზაციო კუთხითაც ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს. თბილისი მზადაა იმისთვის, რომ ოლიმპიური ფესტივალი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს", - განმარტა ალექსი ახვლედიანმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.