ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოქალაქეთა დასახმარებლად 625 925 ლარი გაიხარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მოქალაქეთა დასახმარებლად, 6 თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 625 925 ლარი გაიხარჯა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტი ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ სოციალურ პროგრამებს აქვეყნებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გამგეობისა და საკრებულოს მიერ მოქალაქეთა დასაფინანსებლად ჯამურად 625 925 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტი 1700 ადამიანს დაეხმარა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, სტაციონარული მომსახურებისათვის 194 871 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხით მომსახურება გაეწია 475 ადამიანს, რაც შეეხება სტაციონარული მომსახურების შემდგომ მედიკამენტებით დამხარების პროგრამას, 488 ადამიანათვის 73 799 ლარი გამოიყო.

"ჯამში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მოქმედი 16 სოციალური პროგრამის განხორციელების შედეგად მოქალაქეთა სტაციონარული, მედიკამენტოზური, სარიტუალო, ოთხი და მეტ შვილიანი ოჯახების, შშმ პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანებისათვის, ახალდაქორწინებულებისათვის, ახალშობილებისათვის, 100 წელს გადაცილებულთა და დედ-მამით ობოლი ბავშვების მომსახურებისათვის, 1306 მოქალაქისათვის 420 010 ლარი გამოიყო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარების და რაიონის ნებისმიერი მცხოვრების დასახმარებლად. მუნიციპალიტეტის განმარტებით, მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღებისათვის თანადგომას უწევს მოსახლეობას.

მონაცემების მიხედვით, 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოყოფილი 205 915 ლარით დახმარება 394 მოქალაქეს გაეწია.