ახალი საფეხმავლო ქუჩები მოეწყობა - ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც თბილისში მომავალ წელს იგეგმება

თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2.455 მლრდ ლარით განისაზღვრა. აქედან, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში გასულ კვირას დამტკიცდა.

როგორც ბიუჯეტის დოკუმენტშია აღნიშნული, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა კვლავაც რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მასშტაბური სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად (ახალი საგზაო მონაკვეთების მშენებლობა, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება, სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა-რეაბილიტაცია).

„მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მომსახურების ხარისხი. მოეწყობა ახალი საფეხმავლო ქუჩები და ველოტრასები. უზრუნველყოფილი იქნება ავტობაზების მოდერნიზება და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა. გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის სისტემა. მუნიციპალური ავტოპარკი ეტაპობრივად სრულად ჩანაცვლდება ელექტროტრანსპორტითა და ჰიბრიდული ტრანსპორტით. უზრუნველყოფილი იქნება სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან,“ - ვკითხულობთ თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, კონკრეტულად საგზაო მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მოვლა-შეკეთების მიზნით გამოყოფილია 122 409 600 ლარი.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც თბილისში მომავალ წელს იგეგმება

როგორც დეკემბერში ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 2025 წელს დედაქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ახალის გარდა, არის რამდენიმე გარდამავალი პროექტიც (რომელიც მიმდინარეობს და მომავალ წელს დასრულდება).

კერძოდ, კახა კალაძის თქმით, ეს პროექტია: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, ახალი ავტობაზის მშენებლობა, გმირთა მოედნიდან - სანაპიროზე გამსვლელი საგზაო კვანძის მოდერნიზება; უნივერსიტეტისა და შავიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა; გახოკიძისა და ბურჯანაძის ქუჩების რეაბილიტაცია; ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია; ე.წ. კადეტთა კორპუსის და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის პროექტები.

მერის თქმითვე, 2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და განხორციელება არის დაგეგმილი: რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით; ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება და სხვა ბევრი პროექტი, რომლის შესახებაც ინფორმაციას მოსახლეობას პერიოდულად დეტალურად მიაწვდიან.

თაია არდოტელი