დე ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტისკენ მიმართულ ხარჯებს აჩერებს

აფხაზეთის დროებითი დე ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის ხარჯებს აჩერებს, რისი მიზეზიც ოკუპირებულ რეგიონში არსებული ენერგოკრიზისია.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ განუცხადა.

„თვითმფრინავებამდე ჯერ არ მივსულვართ და შექმნილ ვითარებაში ამ საკითხზე მუშაობის სურვილიც არ არსებობს. ხარჯებს, რომლებიც ამ აეროპორტისკენ მიემართება, ყველა შემთხვევაში შევაჩერებთ. ღმერთმა ქნას, ენერგეტიკის საკითხები მალე მოგვარდეს და მერე შესაძლოა, აეროპორტის საკითხითაც დავკავდეთ და ვიფრინოთ კიდეც. ფრენის არ მეშინია,“ - აცხადებს ბგანბა.

მანამდე, 20 ნოემბერს აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო მინისტრი, ჯანსუხ ნანბა აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს აცხადებდა, რომ სოხუმის აეროპორტის აეროდრომი სამოქალაქო თვითმფრინავების მისაღებად ტექნიკურად მზადაა და პირველი რეგულარული რეისები მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, ხოლო რეკონსტრუქცია სრულად 2025 წლის ივნისში დასრულდება.

მისი ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებში აეროდრომის მზაობის შესამოწმებლად საცდელი ფრენები განხორციელდა და პროექტი დადგენილ გრაფიკში ხორციელდება.

ამასთან, სოხუმის აეროპორტის მოდელის პრეზენტაცია 19 ნოემბერს, მოსკოვში ტრანსპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, როცა, ნანბას თქმით, პროექტის გეგმების რეალიზაცია ფართოდ პირველად გაშუქდა.

დე ფაქტო ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედებიდან დასაქმებულთა რაოდენობა 500 ადამიანს გადააჭარბებს. აეროპორტი პირველ ეტაპზე წელიწადში 1 მილიონამდე მგზავრს 2 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით მიიღებს.

ამ დროისთვის დასრულებულია 3,100x45 მ. ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია, სანავიგაციო სისტემის შემოფრენა და ჩრდილოეთ საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობის საძირკვლის სამუშაოები. მიმდინარეობს ტერმინალის ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია.

ცნობისთვის: სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს, ანუ ამჟამინდელი კურსით 115 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ