„ბიზნესს უნდა დაანებოს თავი როგორც ერთმა მხარემ, ასევე მეორე მხარემ. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რაღაც სია რომ კეთდება ბიზნესის - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ჭელიძემ განაცხადა.
ჭელიძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ინვესტორებს აფიქრებს. მანვე აღნიშნა, რომ „ცუდია, როცა პოლიტიკა ბიზნესს ეხება“.
„მომდევნო პერიოდისთვის მოლოდინები ძალიან კარგი არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პოლიტიკური მოვლენები თავისას იზამს ოდესმე. ზოგადად, არჩევნების წელს კომპანიების დარეგისტრირების რაოდენობა მცირდება ხოლმე, რაზეც გავლენას ახდენს მოლოდინები - არავინ იცის, რა იქნება და ამ ფონზე ელოდებიან ხოლმე არჩევნების გადავლას და გადაწყვეტილებების მიღებას. ყველაზე დიდი ვარდნა იყო 2012 წლის არჩევნების დროს. მაშინ პრაქტიკულად, გაჩერდა ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელი. ახლაც პერიოდულად მცირდება ხოლმე, მაგრამ ეს სტანდარტული სიტუაციაა.
ეს პოლიტიკური მოვლენები ინვესტორებს და ხალხს აფიქრებს. ცუდია, როცა პოლიტიკა ეხება ბიზნესს, ეს ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის ცუდია. ბიზნესს უნდა დაანებოს თავი როგორც ერთმა მხარემ, ასევე მეორე მხარემ. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რაღაც სია რომ კეთდება ბიზნესის და შენ იმას უჭერ მხარს და შენ ამას, იმიტომ, რომ ბიზნესის საქმე ეს არ არის. ბიზნესი საქმეა, რომ ხალხი დაასაქმოს და გადასახადები გადაიხადოს, დოვლათი შექმნას. პოლიტიკური მხარდაჭერა ბიზნესის საქმე არ არის“, - განაცხადა მიხეილ ჭელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის ფართო პროტესტის მიზეზი გახდა. მოქალაქეები უკვე 33 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს და ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნეს სექტორი, რომელიც აქტიურად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო „რუსეთის გზაზე“ მიდის, რაც ქვეყნის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოქალაქეები და ბიზნესები მთავრობისგან მოითხოვენ ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებას.