დიღომში სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი" გაიხსნა

თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი" გაიხსნა, რომელშიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი გაიმართება.

სპორტული კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს შეიცავს, ესენია: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი (როგორც ბიჭების, ასევე გოგონების შეჯიბრისთვის) და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, თითოეული არენა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც თავის მხრივ, სამომავლოდ, ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებს, ყველა საშუალებას აძლევს გაიარონ შეკრებები მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში.

"ახალი თბილისის" გახსნის ცერემონიაზე ასევე გაიხსნა ოლიმპიური თემატიკის ქანდაკება "ოლიმპიური ალი", რომლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. ქანდაკება ქართული დროშის ფერებშია წარმოდგენილი, იგი შესრულებულია წითელი და თეთრი ქვისგან, აქვს პირამიდის მსგავსი ფორმა, რგოლების ჯაჭვში ადის ოლიმპიური ცეცხლი (ალი). ქანდაკების ირგვლივ გაშენდება პარკი, სადაც განთავსდება ბეტონის კონსტრუქციის სკამები და სპეციალური განათება, რასაც ასევე ითვალისწინებს არქიტექტურული კომპოზიცია.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" თბილისში 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს საქართველოს 18 წლამდე ასაკის 4 000-მდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა, საერთო სტუმრების რაოდენობა კი 10 000-ს მიაღწევს. ღონისძიებას გააშუქებს 300 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენილი. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.