ბოლო ორი წელია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დინამიკა იკლებს. ამის შესახებ IDFI-ს მიმოხილვაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, ქვეყანამ 2023 წელს FDI-ის სახით 1.9 მლრდ დოლარი მიიღო - 15.6%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს. მათივე შეფასებით, კლების დინამიკა გრძელდება 2024 წელსაც.
„წლის პირველ 9 თვეში FDI-ის მოცულობა (წინასწარი მონაცემები) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით არის შემცირებული. იანვარ-სექტემბრის პერიოდში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 966.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 4%-ია. როგორც 2023, ასევე 2024 წელს FDI-ის წილი ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში მცირდება. შედარებისთვის, ამაზე დაბალ მაჩვენებელზე მშპ-სა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა ბოლო 10 წლიან პერიოდში, მხოლოდ პანდემიის პერიოდში, 2020 წელს იყო,“ - აღნიშნულია კვლევაში.
IDFI-ს ცნობით, აღსანიშნავია, რომ გასულ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან გაიზარდა.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული FDI 3.1-ჯერ შემცირდა და 212 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის პირველ 9 თვეში ეს მონაცემი 663 მლნ დოლარს შეადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები დსთ-ს 86%-ით აღემატება, მაშინ როდესაც 2023 წელს სხვაობა 248%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის 9 თვეში დსთ-ს ქვეყნებიდან 114.3 მლნ დოლარის FDI განხორციელდა.
2024 წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული რუსული ინვესტიციების მოცულობაც, რომელიც 2023 და 2022 წელს პიკურ მაჩვენებელზე იყო. კერძოდ, რუსულმა ინვესტიციებმა წლის საწყის 9 თვეში 12.3 მლნ დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2023 წელს 6.4-ჯერ მეტი 79.8 მლნ დოლარი იყო. 2022 წელს, რუსული ინვესტიციების ზრდა ერთის მხრივ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ უკრაინაში ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ, რეკორდულად გაიზარდა ქვეყანაში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა. კერძოდ, თუკი ომის დაწყებამდე საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით მხოლოდ 7 100-მდე კომპანია იყო რეგისტრირებული, ეს მაჩვენებელი 2024 წელს 20 100-მდე გაიზარდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) ოფიციალური განმარტებით ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობას და ამ საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირი ინვესტიციები მოიცავს არა მხოლოდ კაპიტალის ჩადების საწყის ოპერაციას, არამედ ყოველ შემდგომ ოპერაციას. იმისთვის, რომ ინვესტიცია FDI-იდ ჩაითვალოს არარეზიდენტი პირი ადგილობრივ კომპანიაში (მაგალითად, უცხოელი საქართველოში რეგისტრირებულ (რეზიდენტ) კომპანიაში) უნდა ფლობდეს საწარმოს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10%-ს.