ბანგლადეშში უფასო ტანსაცმლის დარიგებას 22 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის ქალაქ მიმენსიგჰში მომხდარი ჭყლეტვის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ინციდენტი თამბაქოს ქარხანაში მაშინ მოხდა, როდესაც უფასო ტანსაცმელს არიგებდნენ. ასობით ადამიანმა ერთდროულად სცადა ქარხნის ეზოში შესვლა, შესასვლელი კარი კი ძალიან ვიწრო იყო, რის გამოც ჭყლეტვა მოხდა.

პოლიციამ მომხდარის გამო შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის ქარხნის მეპატრონეც. რამადანის თვის მანძილზე მდიდარი ბანგლადეშელები ღარიბებისათვის უფასოდ ტანსაცმელს არიგებენ, სწორედ მათ მიერ შეწირული ტანსაცმლის აღებას ცდილობდნენ ადამიანები, როდესაც ტრაგედია მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.