Morgan Stanley-მ იმ 10 კომპანიის რეიტინგი შეადგინა, რომელთა აქციებიც 2024 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გიგანტური კომპანიები, როგორიც არის Microsoft, NVIDIA, Tesla, Apple, Amazon, Meta, Google და სხვები, რეიტინგის ლიდერებს შორის არ არიან.
აქციების ფასის ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზე ჩილეს ავიაკომპანია, LATAM Airlines Group (LTM) გავიდა. წლის განმავლობაში ავიაკომპანიის აქციები 5211,11%-ით გაიზარდა. ამჟამად, LTM-ის ერთი აქციის ღირებულება 28,85 დოლარია, ხოლო მომავალ წელს, საშუალოდ, 42 დოლარმადე ზრდა არის პროგნოზირებული.
მეორე ადგილზე ამერიკული GeneDx Holdings Corporation-ია (WGS). წლის განმავლობაში გენომიური კომპანიის აქციები 3642%-ით გაძვირდა. დღეს WGS-ის ერთი აქციის ფასი 75,55 დოლარია. წლის ბოლოსთვის GeneDx 290 მლნ დოლარის შემოსავალს ელოდება. 2025 წელს კომპანია ჯანდაცვის პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტ Epic Systems-თან გეგმავს პარტნიორობას, რომ ჯანდაცვის დიდ სისტემებში გენომის ტესტირების ინტეგრირება მოახდინოს. ამასთან, GeneDx აპირებს, თავისი NICU ანუ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება გააფართოვოს და პედიატრიულ ნევროლოგებს შორის გენეტიკური ტესტირების გამოყენება გაზარდოს. 2025 წლის პროგნოზით, WGS-ის ერთი აქციის ფასი 81 დოლარამდე გაიზრდება.
მესამე ადგილზე ამერიკული ფინტექ-კომპანია Sezzle Inc-ია (SEZL), რომელიც ონლაინ-მოვაჭრეებისთვის გადახდის გადაწყვეტილებების მიწოდებაში არის სპეციალიზებული. გასული წლის დეკემბრიდან კომპანიის აქციები 1987,72%-ით გაიზარდა. SEZL-ის აქციებმა პიკს მიმდინარე წლის 22 ნოემბერს მიაღწია, როცა ერთი აქციის ღირებულებამ 465 დოლარი შეადგინა. დეკემბერში ფასები შესამჩნევად დავარდა და ამჟამად, ერთი აქციის ფასი 311 დოლარია.
მეოთხე პოზიციაზე ჩინეთის ჰოლდინგური კომპანია Dogness International Corp-ია (DOGZ), რომლის წლიური ზრდის ტემპი 1432,93%-ია. ჰოლდინგი დაკავებულია ცხოველებისთვის ინტელექტუალური პროდუქტების შემუშავებითა და წარმოებით, რომელიც შინაურ ცხოველებთან დისტანციურად დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამჟამად კომპანიის ერთი აქციის ფასი 50,74 დოლარია.
წამყვან ხუთეულს ნეობანკინგისა და ფინანსური ტექნოლოგიების ამერიკული კომპანია, Dave Inc (DAVE) ხურავს. წლის განმავლობაში კომპანიის აქციები 1022,74%-ით გაიზარდა, ხოლო ამჟამინდელი ფასი 93 დოლარია, რომელიც, ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლომდე 110 დოლარამდე გაიზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ