ერთი კომპანიის მიერ, მეორე ბიზნეს სუბიექტის შეძენა და გამსხვილება, ბაზრისთვის უცხო არ არის. თუმცა, მანამდე სანამ კონცენტრაცია მოხდება, კონკურენციის სააგენტომ ბაზრის ტენდენციბი, არსებული მდგომარეობა უნდა შეისწავლოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცეს თანხმობა, თუ კონკურენციის პირობები არ ირღვევა.
ამ მხრივ, 2024 წელი რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგებით გამოირჩეოდა.
უფრო კონკრეტულად, bpn.ge კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას წლის კონცენტრაციების შესახებ.
წელს სააგენტომ ნებართვა გასცა, სუპერმარკეტების ქსელი „დეილის“ „ქართული ლუდის კომპანიის“, „რითეილ ინვესთმენთისა“ და შპს „ფუდმარტის“ კონცენტრაციაზე. კერძოდ, ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება - შპს „დეილის“ მიერ, შპს „რითეილ ინვესთმენთის“, სს „ქართული ლუდის კომპანიისა“ და შპს „ფუდმარტის“ აქციების 100%-იანი წილების შეძენას. სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და აღნიშნული გაერთიანებებით ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას. თავის მხრივ, შპს „დეილის“ 30%-ანი წილი შეიძინა შპს „ჰოლდინგ.ჯი-იმ“ , ხოლო სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ „ზედაზენი 2012-ის“ 100%-იანი წილი.
სააგენტომ ასევე თანხმობა გასცა ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე. საქმე შეეხება ლევან და გია ვარსიმაშვილების მიერ შპს „მაქს იმპორტის“ ჯამში 100%-იანი წილის შეძენას. როგორც კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საგენტო განმარტავს, 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 კომპანია ახორციელებდა, შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
წელსვე შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგმა“ შეიძინა შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, შპს „გენუინ ბრევინგ კომპანის“, შპს „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას“ 100%-იანი წილები. როგორც კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ განმარტა, 2023 წელს მოქმედებდა 215 არაალკოჰოლური სასმელების კომპანია და ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცეტრაცია არ მოახდენს არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე.
წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ასევე დასაშვებად მიიჩნია „ემინ უჩარის“ მიერ შპს „ჯერმან ცემენტ ლტდ-ის“ 100%-იანი წილის შეძენა. სააგენტომ განმარტა, რომ კონცენტრაციის მონაწილე მხარეები და მათთან დაკავშირებული კომპანიები ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ბაზრებზე და შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
სააგენტომ ასევე თანხმობა გასცა უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე. საქმე ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო და იმპორტის ბაზარს. როგორც სააგენტომ განმარტა, კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ, სამიზნე და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ 2023 წელს იმპორტირებული საწვავის რაოდენობის გათვალისწინებით, კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას.
მიმდინარე წელსვე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება. საუბარია შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 51%-ანი წილის გია კავთელიშვილის მიერ, 49%-ის კი კახა შენგელიას მიერ შეძენაზე. თავის მხერივ. გია კავთელიშვილი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, ხოლო კახა შენგელია კავკასიის უნივერსიტეტის.
სააგენტომ ასევე დასაშვებად ცნო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ სს „არდი დაზღვევის“ სადაზღვევო პორტფელის 100%-იანი წილის შეძენაზე. როგორც სააგენტომ განმარტა, საბაზრო წილისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.