კრაკოვის მთავარ მოედანზე დადგმულმა ნაძვის ხემ მსოფლიოს ულამაზესი ნაძვის ხეების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ბრიტანულ პორტალ timeout-ის რეიტინგში სულ 11 ნაძვის ხე მოხვდა.
წელს კრაკოვში საშობაო დეკორაციის მთავარი თემა, ტრადიციულად, რენესანსის ეპოქის ვაველის გობელენებიდან აღებული მოტივები იყო. ეს კოლექცია, რომელიც მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტუსის შეკვეთით შეიქმნა, ევროპაში ყველაზე დიდი კოლექციაა. კერძოდ, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ირმების, აქლემების, ჟირაფებისა და სამოთხის ფრინველების განათებული გამოსახულებები არის განლაგებული, ხოლო ქალაქის დეკორაციის ამ მიდგომის „გვირგვინად” კრაკოვის ნაძვის ხე დასახელდა. ნაძვის ხეზე 26 ათასი ეკონომნათურა, ასევე, ხელოვნური ლოლოები და ვაველის ორნამენტებიანი ათასზე მეტი მოსართავი მბზინავი სათამაშოა.
რეიტინგში მეორე ადგილი მსოფლიოში ყველაზე დიდმა ნაძვის ხემ დაიკავა, რომელიც ცენტრალური იტალიის ქალაქ გუბიოში დგას. ნაძვის ხე გიგანტური სინათლის ინსტალაციაა, რომელიც მონტე-ინგინოს ბორცვზე მდებარეობს. მესამე ადგილი კი ნიუ-იორკის ნაძვის ხეს ერგო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ