სოხუმში, აფხაზეთის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანზე ცოცხალი მანდარინებისგან დამზადებული ხუთმეტრიანი ნაძვის ხე საზეიმოდ გაიხსნა.
ინფორმაციას TASS ავრცელებს.
უჩვეულო ნაძვის ხე მანდარინის ფესტივალის ფარგლებში დაიდგა, რომელიც აფხაზეთში 3-დან 8 იანვრამდე გაიმართება.
ყვითელი ნაძვის ხის დამზადებას 1,5 ტონაზე მეტი მანდარინი დასჭირდა და ის აფხაზეთში პირველად დაიდგა.
მეტიც, მანდარინის ფესტივალის დირექტორი, სვეტლანა გაბუნია ამბობს, რომ ეს მსოფლიო რეკორდიცაა, რადგან მანამდე მხოლოდ 1, 89-მეტრიანი მანდარინის ნაძვის ხის არსებობის შესახებ იყო ცნობილი.
მანდარინის ფესტივალი აფხაზეთის რამდენიმე რეგიონს მოიცავს. მის ფარგლებში გამოფენები, ექსკურსიები, მასტერკლასები, კონცერტები და დეგუსტაცია გაიმართება, ასევე, აეროსტატით გასეირნება არის დაგეგმილი.
ცნობისთვის: ოქტომბერში ციტრუსის სეზონის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 32,234 ტონა მანდარინი გავიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე 11 ათასი ტონით, ხოლო მთლიან 2023 წელთან შედარებით, 8 ათასი ტონით მეტია. შარშან იმავე პერიოდში სულ 20,531 ტონა, ხოლო მთლიან წელს 24,519 ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული. რუსეთის სამხრეთ საბაჟო სამმართველოს მონაცემებით, ამჟამად ციტრუსის ექსპორტის პიკია და აფხაზეთიდან რუსეთში დღეში ათას ტონამდე მანდარინი შედის, ხოლო საბაჟო კონტროლს, საშუალოდ, 200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გადის. მანდარინის გარდა, რუსეთში ექსპორტირებულია 130 ტონა ფორთოხალი, 270 ტონა ლიმონი და 800 ტონა ფეიხოა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ