მსოფლიო ბირჟების მიმოხილვა

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც საერთაშორისო კრედიტორებთან გარკვეულ დათმობაზე წავიდა, დოლართან მიმართებაში ევროს კურსი გამყარდა.

„ბიბისის“ ცნობით, დღეს დილით, ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 0,65%-ით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,1108 დოლარი შეადგინა, იენთან მიმართებაში კი თითქმის 1%-ით გაიზარდა და ერთი ევროს შეძენა 135,13 იენად არის შესაძლებელი.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ზრდა დაფიქსირდა ჩინეთის საფონდო ბირჟაზეც. შანხაის Composite-ის ინდექსი 5,2%-ით გაიზარდა, შენჟენის ინდექსი კი 3,8%-ით.

საბერძნეთის ამბების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა ნავთობის ფასიც. ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 1,19 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 58,82 დოლარი შეადგინა.

0,69 დოლარი გაიზარდა WTI-ის ნედლი ნავთობის ფასიც, რომლის ღირებულებამ ბარელზე 52,95 დოლარი შეადგინა.

საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებს დღეს ეკონომიკური რეფორმების ახალი პროექტი წარუდგინა. არსებული ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი საპენსიო სისტემის რეფორმასა და გადასახადების გაზრდას დათანხმდა. გარდა ამისა, საბერძნეთის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების 12 მილიარდი ევროთი შემცირებას გეგმავს.

„ბიბისის“ ცნობით, ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი შეიცავს გადამზიდი კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას, დღგ-ს ტარიფის სტანდარტულ ზღვრამდე - 23%-მდე გაერთიანებას, მათ შორის რესტორნებისა და სხვა საკვები ობიექტებისთვის, თავდაცვის ხარჯების შემცირებას 300 მილიონი ევროთი.