საქართველოში გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების იმპორტი 62.5%-ით გაიზარდა და 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 243.587 მლნ დოლარი შეადგინა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 149.852 მლნ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების კატეგორიაში ყველაზე მეტად მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკების (ე.წ. დატა ცენტრების ტექნიკის) იმპორტის მაჩვენებელმა მოიმატა. თუ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ამ ტიპის ტექნიკის იმპორტი 15.595 მლნ დოლარს შეადგენდა, 2024 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 631%-ით გაიზარდა და თითქმის 114 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი ამ ტიპის ტექნიკის მთლიანი იმპორტის 46.8%-ია. შედარებისთვის, 2023 წელს დატა ცენტრების ტექნიკის იმპორტი მთლიანი მაჩვენებლის მხოლოდ 10.4% იყო.
გამომთვლელი მანქანების კატეგორიაში მეორე ადგილზეა კომპიუტერული ტექნიკის, ძირითადად ლეპტოპების იმპორტი, რომლებიც 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 82.420 მლნ დოლარის ღირებულების ვიყიდეთ, 10.636 მლნ დოლარის იმპორტით კი მესამე ადგილზე დამხსომებელი მოწყობილობები.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2024 წელს დატა-ცენტრების მოსაწყობი აპარატურის ანალოგიურად გაიზარდა ჩიპების იმპორტიც, კომპიუტერების კი შემცირდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში შემოვიდა 93.373 მლნ დოლარის კომპიუტერები და 7.375 მლნ დოლარის მეხსიერების ბარათები (ჩიპები).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში დატა ცენტრების სერვერების უდიდესი ნაწილი - 98.812 მლნ დოლარის ღირებულების ჰონ-კონგიდან შემოვიდა; 6.153 მლნ დოლარის - ნიდერლანდებიდან და 2.235 მლნ დოლარის - ჩეხეთიდან.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში კი გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების იმპორტში პირველ ადგილზე ჩინეთი იყო - 58.426 მლნ დოლარით, მეორეზე ჩეხეთი - 19.663 მლნ დოლარით და მხოლოდ მესამე ადგილზე იყო ჰონ-კონგი, საიდან 2023-ში მხოლოდ 17.047 მლნ დოლარის ტექნიკა შემოვიდა.