თურქეთში ბანკომატებში კუპიურების დეფიციტია

თურქეთში ბანკომატებიდან საჭირო თანხის გატანის პრობლემა სულ უფრო იზრდება, რისი მიზეზიც მცირე ნომინალის კუპიურების დეფიციტია.

ინფორმაციას Milliyet ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბანკომატების საშუალებით მიმოქცევაში 10, 20, 50 და 100 თურქული ლირის ნომინალის ბანკნოტების დიდი დეფიციტია. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ბევრი ბანკომატი ამ ნომინალის კუპიურებს ფულის შესატანად არ იღებს, რადგან ის სწრაფად ივსება და უფრო ხშირი მომსახურების აუცილებლობას იწვევს.

ბანკომატის მაქსიმალური ტევადობა 800 ათასიდან 1 მლნ ლირამდე შეადგენს. თუმცა ბანკები მათ სრულად არ ავსებენ და ბანკომატში, ჩვეულებრივ, 500 ათასიდან 700 ათას ლირამდეა.

წინასაახალწლოდ ბანკომატებიდან დღეში განაღდების ჯამური ოდენობის ლიმიტი 5 ათასიდან 10 ათას ლირამდე იყო, თუმცა დღესასწაულების შემდეგ ის, ბანკების მიხედვით, 15-20 ათას ლირამდე გაიზარდა. ასეთი დიდი თანხის გაცემისას ბანკომატები საკმაოდ სწრაფად იცლება და მოქალაქეებს სხვა ბანკომატის ძიება უწევთ, რომელშიც ნაღდი ფული ჯერ კიდევ დევს.

ამჟამად თურქეთში ყველაზე დიდი ბანკნოტი 200 ლირაა. 2024 წლის ივნისში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ 500 და 1 ათასი ლირის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში შეტანის საკითხს განიხილავს.

2024 წლის განმავლობაში თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობდა. დეკემბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 250 საბაზისო პუნქტით, ანუ 47,5%-მდე შეამცირა, რაც 2023 წლის თებერვლის შემდეგ პირველი კლება იყო. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ლირას კიდევ უფრო შესუსტება გამოიწვია.

2024 წლის 23 დეკემბერს თურქულმა ლირამ ისტორიული მინიმუმი განაახლა და დოლარზე 35 ლირას გადააჭარბა. ნოემბერში თურქეთის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ინფლაციას წლის ბოლოსთვის 44%-ით აფასებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ