"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აღარ გავა

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, მეორე მოსმენით განხილვისათვის, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აღარ გავა.

პარლამენტის ბიუროს წევრებს გადაწყვეტილება აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის დღის წესრიგში შეტანაზე უნდა მიეღო, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პოზიციის გათვალისწინებით, საკითხს სესიაზე დღეს აღარ განიხილავენ და მასზე სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის იმსჯელებენ.

"განხილვა კომიტეტებში გუშინ გვიან, 11:00 საათამდე გაგრძელდა. ამიტომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ვიდრე პროექტი შემოთავაზებული ცვლილებების შესაბამისად არ ჩასწორდება და დეპუტატებს ერთი დღით ადრე მაინც არ დაურიგდებათ, არ განგვეხილა. სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის გავა. დღეს კი სესიაზე არ გავა – საკითხი დღეს წესრიგში ჩასმული არ არის. ამასთან დაკავშირებით ბიურო დავით უსუფაშვილს დაეთანხმა", - განაცხადა  პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ნოდარ ებანოიძემ.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.