რა უჯდება მთავრობას 1 ლიტრი საწვავი

მთავრობას ერთ თვეში სუპერის ტიპის ბენზინი გაუიაფდა, პრემიუმის და რეგულარის ფასი იგივე დარჩა, ხოლო დიზელი გაუძვირდა.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით, მთავრობას იანვარში 1 ლიტრი სუპერის ტიპის საწვავი 8 თეთრი ნაკლები დაუჯდება, ვიდრე დეკემბერში, ხოლო დიზელი 7 თეთრით ძვირი.

უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს იანვარში 2,62 ლარად შეიძენს (დეკემბერში 2.70 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, იანვრის კონტრაქტით, 1 ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება დეკემბრის მსგავსად, 2,33 ლარია. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

ევრორეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 92) ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2,31 ლარია, (დეკემბერშიც იგივე ღირებულება ჰქონდა). ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“.

რაც შეეხება ევროდიზელს, (არაუმეტეს PPM 10) მისი ფასი იანვარში 2,49 ლარი იქნება, დეკემბერში 2,42 ლარი ღირდა. აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

ნინი ქეთელაური