საქართველოს საბაჟო საზღვარზე სასურსათოდ გამოსაყენებელი გენმოდიფიცირებული პროდუქტის კონტროლი დაიწყება

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებზე სასურსათოდ გამოსაყენებელი გენმოდიფიცირებული პროდუქციის კონტროლი განხორციელდება.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო საზღვრებზე უკვე ახორციელებს გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იმპორტის კონტროლს.

"გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმად ითვლება ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს გამრავლების, ან გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი. საუბარია ძირითადად სათესლე და სანერგე მასალებზე, მაგრამ აქვე იგულისხმება ის ხილი და ბოსტნეული, რომელსაც აქვს ასევე გამრავლების უნარი. როგორც ცნობილია, პირველ ივლისს ამოქმედდა კანონი გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირების წესების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, შემუშავებულია ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს საბაჟოს საზღვრებზე ამ ტიპის სურსათის სასაზღვრო კონტროლის წესი. ამ წესის მიხედვით, საბაჟო კონტროლს დაექვემდებარება ყველა პროდუქტი, რომელიც გადმოკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს და მასზე უნდა იყოს მითითებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ სპეციალური ნიშანდება. თუ ასეთი ნიშანდება არ არის, ეს უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტების მიხედვით, რომ არ შეიცავს ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროდუქტი მოხვდება რისკის პროდუქტში და გადაეგზავნება ლაბორატორიაში კვლევაზე", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, მას სურს, დაამშვიდოს მოსახლეობა და უთხრას, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გაკონტროლდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც შემოვა იმპორტის სახით. ამასთან, ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გენმოდიფიცირებული პროდუქცია აღმოჩენილი არ ყოფილა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული.  "პირველი იანვრიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე ვაკონტროლებთ გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იმპორტს საქართველოში. ახლა უკვე მზად არის ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების პროექტი, რომელზეც ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გენმოდიფიცირებული სასურსათოდ გამოსაყენებელი პროდუქტის კონტროლს", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.