ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ელექტრომობილები ბენზინისა და დიზელის ავტომობილებს ახალი მანქანების ბაზარზე მთლიანად ჩაანაცვლებენ.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კერძოდ, ქვეყნის საგზაო ფედერაციის მონაცემებით, 2024 წელს გაყიდული ახალი მანქანების 88,9% ელექტრომობილი იყო, ხოლო 2023 წელს ეს მაჩვენებელი 82,4%-ს შეადგენდა.
ელექტრომობილების ყველაზე გაყიდვადი ბრენდები Tesla, Volkswagen და Toyota იყო, ხოლო ჩინური ელექტრომობილების წილი მთლიანი გაყიდვების 10%-ია.
ნორვეგიის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში, ბენზინისა და დიზელის მანქანების შესამცირებლად მათზე მაღალი გადასახადები, ხოლო ელექტრომობილებზე, პირიქით, საგადასახადო შეღავათები მოქმედებს.
2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის გზებზე უკვე ბენზინის მანქანებზე მეტი ელექტრომობილი მოძრაობდა. მოელიან, რომ რამდენიმე წელიწადში ქვეყნის ავტომობილების მთლიან რაოდენობაში ელექტრომობილების ამჟამინდელი წილი 28%-დან 50%-მდე გაიზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ