ელექტროენერგიის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ხშირად ისმის მოქალაქეთა პრეტენზიები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა 2024 წლის ბოლოს, კერძოდ, 25 დეკემბერს „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, კომპანია „თელმიკოსთან“ შეხვედრა არის დაგეგმილი 16 იანვარს, რომელსაც დაინტერესებული მოქალაქეებიც დაესწრებიან.
„ჩვენთან შემოსული განცხადებების საფუძველზე, ხშირია ელექტოენერგიის გათიშვის პრობლემები თბილისშიც. მაგალითისთვის, შემოსული განცხადებებით ჩანს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ეს პრობლემა გახშირდა ლისისა და ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასადგენია რა იწვევს ასე ხშირად დაზიანებებს, რადგან მსგავსი წყვეტები სარეაბილიტაციო სამუშაოებით არ არის გამოწვეული. ამასთან დაკავშირებით, 16 იანვარს გვაქვს დანიშნული შეხვედრა „თელმიკოსთან“, სადაც მომხმარებლებიც მოვლენ,“ - განაცხადა გულეიშვილმა 25 დეკემბერს, "კვირას" პრესკლუბში.
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონებში არსებულ სიტუაციაზეც. მისი თქმით, ივნისიდან მოყოლებული დაახლოებით 40-მდე სოფელი მოიარეს, რათა დაედგინათ რა იწვევდა რეგიონში ელექტროენერგიის ხშირ გათიშვებს.
„რეგიონებში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის მიზეზი იყო დენის არასტაბილური მიწოდება, ამის მიზეზი კი არის ქსელის ავარიული მდგომარეობა, რაც დაზიანებული ბოძებით, დაზიანებული ელექტროსადენებით და ქვესადგურებით არის გამოწვეული, რომელიც ავარიულ მდგომარეობამდეა მიყვანილი. აღმოვაჩინეთ ისიც, რომ ზოგიერთი ქსელი გადის ტყეზე, ან ისეთ ადგილზე, რომლის დაზიანებაც ქარის, წვიმის და თოვლის დროს ადვილადაა შესაძლებელი. დავიწყეთ სისტემატიური მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად. დღემდე არსებული მონაცემებით შევცვალეთ ელექტროენერგიის გადამცემი 180-მდე ბოძი, ბევრი ქვესადგური გარემონტდა და ტყეში გაყვანილი სადენის ბოძები გზაზე გადმოვიტანეთ,“ - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.
ავტორი: მაგდა შენგელია