სოფელ დაშთაფას მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშთაფას მოსახლეობამ დღეს სოფლის ცენტრში, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, სასმელი წყალი სოფელს გრაფიკით მხოლოდ კვირაში ორჯერ მიეწოდება, ამასთან ერთად, მწვავედ დგას სარწყავი წყლის პრობლემაც, რის გამოც მოსავალი მთლიანად უნადგურდებათ.

აქციის მონაწილეებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები შეხვდნენ და პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდნენ. როგორც მარნეულის გამგეობაში აცხადებენ, მაღალი ტემპერატურის გამო, მდინარე დებედაზე წყლის დონემ დაიწია, მოთხოვნა მაღალია და სწორედ ამიტომ არის სასმელი წყალი გრაფიკით. რაც შეეხება სარწყავ წყალს, ამ კუთხით პრობლემა არ არსებობს. წლების განმავლობაში წყალგაყვანილობის სისტემა მარნეულში მთლიანად ამორტიზებული იყო, რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 2016 წლის ბოლომდე როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყალი მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში ექნება.