2026 წლამდე მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ თვითნებურად დაკავებული და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადები გახანგრძლივდა.

2026 წლამდე მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ თვითნებურად დაკავებული და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას.

კერძოდ, შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო რეგისტრაციის პროგრამა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მთავრობის 2024 წლის 1-ლი ნოემბრის დადგენილების თანახმად, მიწების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა და მოქალაქეები ამ პროგრამით სარგებლობას 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირდებათ როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ისე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.

ამასთან, რეესტრის ცნობით, პროექტის ფარგლებში მისი დაწყებიდან - 2022 წლიდან მოყოლებული, აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

ცნობისთვის, რეგისტრაცია მიმდინარეობს 59 მუნიციპალიტეტში და ხორციელდება საქართველოს ყველა კონტროლირებად ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთისა.

თაია არდოტელი