გერმანია მწვანე წყალბადის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტებს დაფინანსებას აჩერებს

გერმანია მწვანე წყალბადის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტებს დაფინანსებას აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.

გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას.

თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ზე 23 დეკემბერს დაწერა.