შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრიდან დღემდე 32 დელფინი დაიღუპა

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ტანკერის ჩაძირვისა და შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა და ნაპირზე გამორიყა.

ამის შესახებ დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრ “დელფას” Telegram-არხზე წერია.

“დელფამ” სულ 61 დაღუპული ვეშაპისებრი დააფიქსირა, საიდანაც 32 დელფინი 15 დეკემბრის შემდეგ დაიღუპა. კერძოდ, გარემოსდამცველები თვლიან, რომ ამ 32 დელფინის დაღუპვა, სავარაუდოდ, მაზუთის ჩაღვრას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი, რომლებსაც “დაბერებული სხეული” აქვთ, მანამდე დაიღუპნენ.

ამასთან, “დელფა” წერს, რომ ამ პერიოდისთვის, ანუ გამორიყვის სეზონის მიღმა მკვდარ ვეშაპისებრთა ასეთი რაოდენობა ატიპიურია. დელფინების უმეტესობა ტანკერების ჩაძირვიდან პირველი 10 დღის განმავლობაში დაიღუპა და ამჟამად ზღვიდან მათი გამორიყვა ხდება. მსხვერპლი, ძირითადად, აზოვის ვეშაპისებრნი არიან, რომლებიც, “დელფას” შეფასებით, ყველაზე მოწყვლადი ბინადრები არიან.

გარემოსდამცველები აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე ცოცხალი დელფინების გამორიყვა არ დაფიქსირებულა. თუმცა, მათი პროგნოზით, უახლოეს მომავალში დაზარალებულ ვეშაპისებრთა რაოდენობა შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი იყოს.

ცნობისთვის: 4 იანვრით დათარიღებული სატელიტური სურათების მიხედვით, შავ ზღვაში რუსული ნავთობის ჩაღვრის შედეგად ეკოლოგიური დაბინძურების პირველი კვალი სოფელ ურეკში დაფიქსირდა, სადაც მაზუთით შეღებილი ჩიტი იპოვეს. თუმცა ეკოლოგების შეფასებით, ეს შესაძლოა, სულაც არ მიუთითებდეს საქართველოში დაბინძურების გავრცელებაზე, რადგან მაზუთით დაფარულ ფრინველებს შემთხვევის ადგილიდან 300 კილომეტრამდე ფრენა შეუძლიათ.

ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის მახლობლად შტორმის დროს 15 დეკემბერს ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ