„თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა, ეს აუცილებლად აისახება ყველა ჩვენგანის შემოსავალზე, თუ გასავალზე“,- ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ პოლიტიკური პროცესები იქნება. როგორც გიორგი კეპულაძე ამბობს, პროცესებმა ქვეყანა უკვე დააზიანა და მისი გამოსწორება რაც უფრო დაგვიანდება, მით უფრო რთული იქნება შედეგების გამოსწორება. მისი თქმით, „წარმოუდგენელია, ავტოკრატიაში ხალხი ცხოვრობდეს ბედნიერად და მდიდარი იყოს“.
„2025 წელს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური პროცესები იქნება.ზოგადად, ძალიან რთულია ეკონომიკაში წინასწარ რაიმეს თქმა, ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს, შეიძლება, ერთმა სწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა ძალიან დადებითი იმპულსი მისცეს ეკონომიკას, ან პირიქით, დაგვიანებულმა პროცესმა ძალიან დააზიანოს. შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა, სამწუხაროდ, ეს აუცილებლად აისახება ყველა ჩვენგანის შემოსავალზე, თუ გასავალზე: შემოსავალი შესაძლოა, შემცირდეს და ხარჯი აუცილებლად გაიზრდება; ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს ლარის გაუფასურება, შემდეგ ფასების ზრდა; ასევე, წინასაახალწლოდ ვნახეთ, რომ საჯარო უწყებებიდან ძალიან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს, კერძო სექტორიც, რომელიც კრიზისზე საუბრობს, ვერ დაასაქმებს იმდენივე ადამიანს, რამდენსაც ასაქმებს, მითუმეტეს, ახალ სამუშაო ადგილს ვერ შექმნის და ა.შ. ეს არის ჯაჭვური რეაქცია.
გარდა ამისა, ეს სანქციებიც, აუცილებლად უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. როგორ წარმოგიდგენიათ, იმ ქვეყნის საინვესტიციო გარემო, რომელიც დასავლურ კურსზე უარს ამბობს და ჰყავს სანქცირებული ხელისუფლება. წარმოუდგენელია, რომ აქ დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს.
ზოგადად, ქვეყანას რაც სჭირდება ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს არის ოპტიმიზმი. ხვალინდელი დღის უნდა გვჯეროდეს, რომ თუნდაც სესხი ავიღოთ, ბიზნესი დავგეგმოთ , ცხოვრება და პირობები გავიუმჯობესოთ. დღევანდელი გადმოსახედიდან კი, ხვალ რა იქნება, არავინ იცის, რაც ძალიან მძიმეა პირველ რიგში, ბიზნესისთვის, ისიც ხომ გაურკვევლობაშია, შესაბამისად, ამას მოჰყვება ის, რომ ნაკლებს ვხარჯავთ, ბიზნესიც ცდილობს, უფრო დაზოგოს თანხა, რადგან კრიზის ელოდება და სხვა პროექტებში აღარ ჩადოს ფული. როდესაც ბიზნესი ნაკლებს ხარჯავს, ეს ყველაზე აისახება.
საბოლოო ჯამში, გამოსავალი რა თქმა უნდა, იქნება ისეთი, როგორიც სურს ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ამ პროცესის გაწელვა უფრო მეტად დაგვაზიანებს, ვიდრე დავზიანდებოდით. წარმოუდგენელია, რომ ავტოკრატიაში ხალხი ცხოვრობდეს ბედნიერად და მდიდარი იყოს. მცირე ჯგუფი იქნება ძალიან მდიდარი, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა ვერ იქნება მდიდარი“,- ამბობს გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.