თეა წულუკიანი: ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლის ზაფხულში, ჩვენმა მოქალაქეებმა, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეძლონ

ჩვენი მიზანია, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ჩვენმა მოქალაქეებმა, თუნდაც ტურიზმის მიზნით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეძლონ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც ანტიკორუფციული საბჭოს მე-13 სხდომა მიმდინარეობს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, საქართველო კორუფციასთან ბრძოლას წარმატებით აგრძელებს. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შარშან ყველა უწყებისთვის დაისახა 13 პრიორიტეტი, რომელიც დაიწერა 177 აქტივობად, აქედან 130 სრულად შესრულებულია სახელმწიფო უწყებების მიერ, დანარჩენი კი, ნაწილობრივ. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე იქნება 6 თვის ანგარიშის მოსმენა და ასევე ის, თუ რა გაკეთდება წლის ბოლომდე.  "6 თვის ანგარიშისთვის ნახევარზე მეტი შესრულებული საქმიანობა, რაც უწყებებს ჰქონდათ დავალებული, რომ ანტიკორუფციული ბრძოლა იყოს არა მხოლოდ რეპრესია, არამედ პრევენციაც, მათ შორის საჯარო სამსახურში, მოწმობს, რომ ეს ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის სფეროში, ევროსაბჭოს გრეკო-მ, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ორგანოა, ამ დარგში საქართველოს ხუთივე ვალდებულება წელს გამართულ სხდომაზე შესრულებულად ჩაუთვალა", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა არის ვიზა ლიბერალიზაციის გეგმის ნაწილი. "იმ ანგარიშში, რომელიც დღესაა წარმოდგენილი, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს აქვთ წარმატება. ყველამ ვიცით, რომ დეკემბრამდე უნდა მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე, რასაც ჰქვია ევროკავშირთან საზღვრების გახსნა და უვიზო რეჟიმის დამყარება იმისთვის, რომ მომავალ წელს ზაფხულში უკვე ჩვენმა მოქალაქეებმა და ესაა ჩვენი მიზანი, შეძლონ უვიზოდ, თუნდაც ტურიზმის მიზნით ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.