ევროპაში გაზის ფასმა გასული კვირის ზრდის შემდეგ, კლება დაიწყო. პარასკევს ევროკავშირში გაზის ფიუჩერსებმა ბოლო ერთი წლის მაქსიმუმი დაამყარა და მგვტ.სთ-ზე 50 ევრო შეადგინა. Trading Economics-ის მონაცემებით, ამჟამად გაზის ფასი 46 ევრო/მგვტ.სთ-მდე შემცირდა, რაც 2025 წლის დასაწყისიდან ფასის 7.36%-ით შემცირებაზე მიუთითებს.
ანალიტიკოსები ევროპაში გაზის ფასების ზრდას უჩვეულოც ცივი ზამთრის ეფექტით ხსნიან, Trading Economics-ი იტყობინება, რომ მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, ფასმა მიმდინარე კვირას შემცირება დაიწყო, იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდების მყისიერი დეფიციტი მოსალოდნელი არ არის.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში გამავალი საბჭოთა პერიოდის მილსადენებით რუსული გაზის ექსპორტი შეჩერდა, ევროპაში გაზის ფასების ზრდა გამოწვეული იყო ცივი ამინდით. ევროპაში ზამთრის ცივ დღეებს მომდევნო 2 კვირის განმავლობაშიც პროგნოზირებენ. Goldman Sachs-ის განცხადებით, ამ პერიოდში ევროკავშირში გაზის ფასებზე მაღალი ზეწოლა იქნება. ასე მაგალითად, Trading Economics-ის პროგნოზით, მიმდინარე კვარტლის ბოლოს ფიუჩერსები 52.46 ევრო/მგვტ.სთ-ის ფარგლებში იქნება.
შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ელ იანვარს კიევის დროით 07:00 საათზე, უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორისა და „გაზპრომს“ შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა. სწორედ ამ პერიოდიდან უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა.
კრემლი უკრაინიდან ტრანზიტით წელიწადში, დაახლოებით, 5-დან 6 მლრდ დოლარს გამოიმუშავებდა, ხოლო უკრაინა ტრანზიტისთვის 1 მლრდ დოლარამდე იღებდა, რისი უდიდესი ნაწილიც გაზსადენის სისტემის მუშაობის უზრუნველყოფაზე იხარჯებოდა. 2024 წელი „გაზპრომისთვის“ წამგებიანი იყო, ამ პერიოდში მისი შემოსავალი 25%-ზე მეტად შემცირდა.