კიშინიოვი კრემლს არაღიარებულ დნესტრისპირეთში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მოლდოვას პრემიერი, დორინ რეჩანი აცხადებს, რომ „კრემლი მიზნად ისახავს პროევროპული მთავრობის დესტაბილიზაციას“.
შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ელ იანვარს უკრაინის გავლით ევროპას რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა. შედეგად, იმ პერიოდიდან ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდება მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონს - დნესტრისპირეთს. კიშინიოვმა დნესტრისპირეთს დახმარება შესთავაზა, მაგრამ არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენლებმა დახმარებაზე უარი განაცხადეს. ამასთანავე, ევროკომისიამ 6 იანვარს განაცხადა, რომ თანამშრომლობს ევროპის ენერგეტიკულ სექტორთან, რათა უზრუნველყოს მოლდოვისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური რაოდენობის ელექტროენერგიით მიწოდება.
ექსპერტების შეფასებით, დნესტრისპირეთში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვევს რიგ პრობლემებს, მათ შორის ფასების ზრდის კუთხითაც, რასაც შესაძლოა, კრემლი მოლდოვასა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტის გაღვივებისთვის იყენებდეს. ეს კი საგულისხმოა იქიდან გამომდინარე, რომ მოლდოვა შემოდგომით საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მოლდოვას აქვს შესაძლებლობა, წინასწარ შექმნას გაზის მარაგები, მაგრამ გაცილებით ძვირად, ვიდრე „გაზპრომისგან“ ყიდულობდა, რაც მოლდოვას ენერგეტიკულ ხარჯებს გაუზრდის, ნაცვლად ეკონომიკური განვითარებისა. აღნიშნულის კი სპეციალისტების შეფასებით, წინასაარჩევნოდ დაძაბულ გარემოს შექმნის.
„როიტერსი“ წერს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებამ რეგიონში 450 ათასამდე მოქალაქე გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დატოვა. გამოცემის ცნობით, სულ მცირე 131 სკოლა და 147 საბავშვო ბაღი სითბოს გარეშეა და დიდი ალბათობით, ზამთრის არდადეგების შემდეგ, ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესი არ განახლდება. გარდა ამისა, ადგილზე გაჩერებულია ყველა საწარმო, გარდა სასურსათო წარმოებისა.
აღსანიშნავია ისიც, რომ არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენლებმა ელექტროენერგიაზეც დააწესა შეზღუდვა, რაც ადგილზე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.არაღირებული, უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონი ათწლეულების განმავლობაში უკრაინის გავლით რუსულ გაზს იღებდა და თბოსადგურებით ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებდა, გაზის მიწოდებამ კი დენით მომარაგებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ცნობისთვის, მოლდოვამ ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2022 წლეს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული არაპროვოცირებული ომის შემდეგ, ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიცირება დაიწყო. თუმცა, რუსეთზე დამოკიდებულება დიდი დნესტრისპირეთში. ეს კი მაშინ, როცა „კუციურგანის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური“, რომელიც დნესტრისპირეთში მდებარეობს, მოლდოვას ელექტროენერგიის 70%-ს აწვდის, რაც სიტუაციის გართულების შემთხვევაში, კიშინიოვს ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხის წინაშე აყენებს.