არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დანიამ გრენლანდია აშშ-ის სასარგებლოდ უნდა დათმოს, რადგან ეს ვაშინგტონის ეროვნული ინტერესების დასაცავად არის აუცილებელი.
„თქვენ იქ მხოლოდ 45,000 ადამიანი გყავთ და ხალხმა არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას კანონიერი უფლებები გრენლანდიაზე, მაგრამ თუ აქვს, მაშინ დანიამ ეს უფლებები უნდა დათმოს, რადგან ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თავისუფალი სამყაროს დასაცავად გვჭირდება,“ - ამბობს ტრამპი.
მისი თქმით, ჩინური და რუსული გემები კუნძულის ირგვლივ რეგულარულად ისე კურსირებენ, რომ ნაპირიდან მათ დასანახად დურბინდიც კი არ არის საჭირო.
ტრამპი დანიას ტარიფების დაწესებითაც დაემუქრა, თუ ის გრენლანდიის დამოუკიდებლობაში ან შეერთებულ შტატებთან მის მიერთებაში ჩაერევა. ამ ფონზე ერთი კვირის წინ კუნძულზე დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი და მამამისის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ტრამპის საპასუხოდ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დანიის „ყველაზე მნიშვნელოვანი და უახლოესი მოკავშირეა, ამიტომ არ სჯერა, რომ აშშ სამხედრო ან ეკონომიკურ ძალას გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად გამოიყენებს.
„ვერც კი წარმომიდგენია, რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდებით,“ - აცხადებს ფრედერიკსენი.
მისი თქმით, თავად ფაქტი, რომ შეერთებული შტატების ინტერესი გრენლანდიის მიმართ იზრდება, კარგია, მაგრამ ეს კუნძულის მცხოვრებლების პატივისცემით უნდა მოხდეს. ფრედერიკსენი ხაზგასმით ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი არ სურს და დანია-აშშ-მა ერთმანეთთან სწორი კომუნიკაცია უნდა გააგრძელოს.
დონალდ ტრამპმა დეკემბერშიც გამოთქვა განზრახვა, რომ გრენლანდია აშშ-ის ნაწილი უნდა გახდეს. მაშინ კუნძულის პრემიერ მინისტრ მუტე ეგედემ ტრამპს უპასუხა, რომ გრენლანდია „არ იყიდება და არც არასდროს გაიყიდება.“ ეგედე დანიისგან კუნძულის დამოუკიდებლობას ემხრობა.
ცნობისთვის: 1867 წლიდან აშშ-ის ხელისუფლებამ გრენლანდიის შეძენის შესაძლებლობა არაერთხელ განიხილა ან სცადა. გრენლანდია გეოგრაფიულად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილია, მაგრამ ევროპასთან მჭიდრო გეოპოლიტიკური კავშირი აქვს და ევროკავშირის დაფინანსებასაც იღებს, რადგან 1979 წლიდან დანიის ზღვისიქითა ავტონომიური ტერიტორიის სტატუსით სარგებლობს. კუნძულს პირდაპირი წვდომა აქვს არქტიკაზე, სადაც რეგიონის რესურსებისთვის სხვადასხვა ქვეყნებს შორის დიდი ხანია, რბოლა მიმდინარეობს. ითვლება, რომ გრენლანდიაზე ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და ურანის საბადოებია, ხოლო კუნძულის სანაპირო წყლებში, გეოლოგების მტკიცებით, ნავთობწარმოების დიდი პოტენციალია. ბოლო წლებში რუსეთი, ასევე, ცდილობს, გრენლანდიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე პრეტენზია გამოთქვას.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ