ავსტრალიელი ბიზნესმენი ატირებულ ბერძენ პენსიონერს პენსიას გადაუხდის

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოს ნახვის შემდეგ, რომელზეც ატირებული ბერძენი პენსიონერია გამოსახული, ავსტრალიელმა ბიზნესმენმა პენსიონერის დახმარება გადაწყვიტა.

ბრიტანული გამოცემა "ინდეფენდენტის" ცნობით, ბერძენი პენსიონერის გიორგოს ჩატიფოტიადის ფოტომ მალე მოიცვა ონლაინ სამყარო. ფოტო თესალონიკის ერთ-ერთი ბანკის მახლობლად არის გადაღებული, სადაც ბერძენი პენსიონერი კუთვნილი პენსიის გამოსატანად მივიდა, თუმცა ბანკომატიდან ერთი კვირის პენსიის - 120 ევროს გატანა ვერ შეძლო და ატირდა.

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოს ნახვის შემდეგ, ავსტრალიელმა ბიზნესმენმა ჯეიმს კუფუსმა ბერძენ პენსიონერში ოჯახის ძველი მეგობარი ამოიცნო და მისი დახმარება გადაწყვიტა.

"ყველა ჩემს ფეისბუქ-მეგობარს მინდა ვთხოვო, ამ კაცის ადგილსამყოფელის მოძებნაში დახმარება და პირობას ვდებ, იქამდე გადავუხდი მას პენსიას, სანამ ეს საჭირო იქნება", - დაწერა იმავე დღეს ავსტრალიელმა ბიზნესმენმა "ფეისბუქზე".

ავსტრალიელმა ბიზნესმენმა მალე დაადგინა ბერძენი პენსიონერის სამყოფელი და უკვე გამოყო გარკვეული თანხა მის დასახმარებლად. ჯეიმს კუფუსის განცხადებით, მან სხვადასხვა ხალხისგან შემოწირულობების სახით 5 ათასამდე ევრო მიიღო ბერძენი პენსიონერის დახმარების მიზნით.