რა უნდა იცოდეთ საკუთარი უფლებების შესახებ ნივთის ონლაინ გამოწერისას, აქვს თუ არა ბანკს უფლება თქვენს არაუზრუნველყოფილ სესხზე, გადაუხდელობის შემთხვევაში მოითხოვოს ქონების გაყიდვა, - ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრა“ სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატს თამარ ფირცხალავას ესაუბრა.
ცნობისთვის, რუბრიკაში „იურისტი გირჩევთ“, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მოქალაქეების მხრიდან რედაქციაში შემოსულ კითხვებს პასუხობენ.
ონლაინ-მაღაზიაში ნივთი ვიყიდე, თანხა ჩავრიცხე ანგარიშზე და რომ მომიტანეს, არ აღმოჩნდა ისეთი, რაც მქონდა შეკვეთილი. კურიერს მოვთხოვე უკან წაღება, მაგრამ უარი მითხრა, მე არა ვარ იმ მაღაზიის თანამშრომელი, კურიერი ვარო. დავუკავშირდი ისევ იმათ, ვისგანაც მქონდა გამოწერილი, მაგრამ ნივთს უკან არ იბრუნებენ. რა შეიძლება გავაკეთო, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი ხომ არსებობს? ვის მივმართო?
- მომხმარებელს უფლება აქვს შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი. ეს წესი იმიტომ მოქმედებს, რომ ელექტრონული ვაჭრობის დროს მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას პირადად შეაფასოს და მოიწონოს საქონელი, ამიტომაც უფლება ეძლევა 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი. თუ გამყიდველი არ იბრუნებს ნივთს და ირღვევა თქვენი უფლებები, უნდა მიმართოთ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომლის მისამართია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 154, ასევე შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დარეკოთ ცხელ ხაზზე 0322054422. დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.
მაქვს ბანკის ვალი, მაგრამ არა მაქვს ბინა ჩადებული. რამდენიმე თვეა ვერ ვიხდი პროცენტს, თუ ბინა არა მაქვს ბანკში ჩადებული, მაინც შეუძლია თუ არა ბანკს ბინა დამიყადაღოს და შემდეგ გამიყიდოს? ხომ არ ჯობია ბინა სასწრაფოდ სხვაზე გადავაფორმო, ჯერჯერობით საქმის წარმოება დაწყებული არ არის სასამართლოში. რას მირჩევთ?
- დიახ, ბანკს შეუძლია მოითხოვოს ყადაღის დადება თქვენს სახელზე არსებულ ქონებაზე. ასევე შეუძლია მოითხოვოს აუქციონზე რეალიზაცია ვალის ამოღების მიზნით. თუ თქვენს სახელზე ბინა უკვე არის, შესაძლოა გასხვისებამაც ვერ გიშველოთ, რადგან ბანკი მიხვდება, რომ თავის არიდების მიზნით გაასხვისეთ. ხშირად ხდება ამ მიზნით მოჩვენებითი გარიგებების დადება და ამ დროს ბანკი ხშირად ითხოვს მოჩვენებითი და თვალთმაქცურად დადებული ხელშეკრულებების მოშლას.
შეიძლება თუ არა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და რა შემთხვევაში?
- სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
პირის მხარდამჭერ პირად დარეგისტრირება გვინდა სასამართლოში. რა საბუთებია ამისთვის საჭირო და მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა?
- პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/ განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია, სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით და ბაჟის გადახდა არ არის საჭირო. განაგრძეთ კითხვა