აჭარაში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის რეგიონში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" ღონისძიება მოეწყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამა კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით. როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მიზანია, აჭარის რეგიონში მოღვაწე ბიზნეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით და ასევე - შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პოპულარიზაცია.

"ჩვენი ორგანიზაცია ერთი წელია რაც შეიქმნა და გვაქვს პროექტები კერძო სექტორის დახმარებისთვის. ვხვდებით რეგიონებში კერძო სექტორს და სხვადასხვა ორგანიზაციებს. ვმუშაობთ როგორც მეწარმეობის განვითარების კუთხით, ასევე ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. კითხვა პასუხის რეჟიმში ჩვენ გავცემთ ყველა კითხვაზე პასუხს", - აღნიშნა ანა კვარაცხელიამ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს მთავრობისა და სააგენტოს ახალი ინიციატივების შესახებ. მოეწყო პრეზენტაციები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების, ელექტრონული შესყიდვების სისტემისა და პროცედურების შესახებ. შეხვედრის დროს ასევე, განიხილეს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და მსმენელებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროგრამის განხორციელების ანგარიშსა და მოცემული ეტაპისთვის მიღებული შედეგების შესახებ.