ილონ მასკს საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” ყიდვა სურს

ილონ მასკს ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „ლივერპულის“ შეძენა სურს. ამერიკელი მილიარდერის ასეთი გეგმები მამამისმა, ეროლ მასკმა Times Radio-ს შეკითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რასაც Liverpool.com ავრცელებს.

თავიდან ეროლ მასკი კომენტარზე უარს ამბობდა, რადგან, მისი თქმით, ამას კლუბზე გასაყიდი ფასის მატება მოჰყვებოდა, თუმცა განმეორებით შეკითხვაზე ეროლმა უპასუხა, რომ მას და ილონსაც კლუბის შეძენის სურვილი აქვთ.

“მისი ბებია ლივერპულში დაიბადა, სადაც ნათესავები გვყავს. გაგვიმართლა, რომ The Beatles-ებიდან ბევრს ვიცნობდით, რადგან ისინი ჩემი ოჯახის ზოგიერთ წევრთან ერთად იზრდებოდნენ. ასე რომ, ჩვენ გვაქვს კავშირი ლივერპულთან,” - აცხადებს ეროლ მასკი.

ამერიკულმა კომპანია Fenway Sports Group-მა (FSG) “ლივერპული” გასაყიდად 2022 წლის ნოემბერში გამოიტანა. ჯერ უცნობია, თუ რამდენად აპირებს FSG კლუბის გაყიდვას და ვინ შეიძლება, გახდეს მისი ახალი მფლობელი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აპრილში FSG-მა ახლო აღმოსავლეთის ინვესტორისთვის კლუბის 3.2 მლრდ დოლარად მიყიდვაზე უარი განაცხადა.

FSG მის დამფუძნებლებს, ჯონ ჰენრისა და ტომ ვერნერს ეკუთვნით. კომპანიამ “ლივერპული” 2010 წლის ოქტომბერში ამერიკელი მფლობელებისგან, ჯორჯ ჯილეტ-უმცროსისა და ტომ გიქსისგან შეიძინა.

2023 წლის სექტემბერში FSG-მ აქციათა მინორიტარული პაკეტი ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Dynasty Equity-ს მიჰყიდა. ამ გარიგებამ კოვიდპანდემიის დროს კლუბის დავალიანების გადახდას, Anfield Road-ის ახალი არენისა და სასწავლო ცენტრ AXA-ს კაპიტალური ხარჯის დაფარვას, ასევე, სავარჯიშო მოედნის, Melwood-ის გამოსყიდვას ხელი შეუწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ