თეირანის ნაცვლად მაკრანი - ირანს დედაქალაქის სამხრეთით გადატანა ომანის ყურესთან სიახლოვის გამო სურს

ირანს თავისი დედაქალაქი ჩრდილოეთით მდებარე თეირანიდან სამხრეთ სანაპირო რეგიონის ქალაქ მაკრანში გადააქვს, რისი მიზეზიც ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორებია.

ამის შესახებ მთავრობის სპიკერ ფატიმე მოჰაჯერანმა სპარსულენოვან სატელიტურ ტელეკომპანია Iran International-ს განუცხადა.

”ჩვენ დახმარებას ვითხოვთ აკადემიკოსებისგან, ელიტისა და ექსპერტებისგან, მათ შორის, ინჟინრების, სოციოლოგებისა და ეკონომისტებისგან. პროექტი ამჟამად შესწავლის ფაზაშია,” - აცხადებს მოჰაჯერანი.

ამასთან, გამოცემა Newsweek-ს გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა აცნობა, რომ დედაქალაქის გადატანა ძვირი და შრომატევადი იქნება და ქვეყნის კულტურულ იდენტობას მნიშვნელოვნად შეცვლის. ამ საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს პოლიტიკოსები და სხვა პირები უკვე მკაცრად აკრიტიკებენ.

Newsweek წერს, რომ ირანის ეკონომიკა სირთულეებს განიცდის, ხოლო ეროვნული ვალუტა, რიალი გასულ თვეში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ცნობისთვის: თეირანი ქვეყნის დედაქალაქად 200 წელზე მეტი ხნის წინ აღა მოჰამად ხანის მიერ დაარსდა. დედაქალაქის სხვაგან გადატანის იდეა პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში, მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა, რაც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა კიდევ ერთხელ გაახმიანა.

პრეზიდენტის არგუმენტით, დედაქალაქი თეირანის პრობლემების გადასაჭრელად უნდა შეიცვალოს, რადგან ქალაქში გადაჭარბებული მოსახლეობა, ასევე, წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტი და სხვა პრობლემებია. იმის მიუხედავად, რომ ეს იდეა ადრეც განიხილებოდა, ის დღის წესრიგში ფინანსური შეზღუდვებისა და პოლიტიკური დებატების გამო არასდროს დამდგარა.

9-მილიონიანი თეირანი დიდი ხანია, მოსახლეობის სიჭარბესა და ჰაერის დაბინძურებას ებრძვის. თეირანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ის, ასევე, “წყლით გაკოტრებად” ცნობილ მოვლენას აწყდება, რასაც ელექტროენერგიისა და გაზის დეფიციტი ემატება.

დედაქალაქის სამხრეთში გადატანის იდეამ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის დროს მიწისძვრების პრობლემების გამო მოიპოვა პოპულარობა. ასევე, 2000-იანი წლების შუა ხანებში დისკუსია, ასევე, ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა გააცოცხლა, რომელიც თეირანის არამდგრად ზრდასა და გარემოსდაცვით საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას.

ამჟამინდელ პრეზიდენტ პეზეშკიანმა დედაქალაქის გადატანის საკითხზე გასულ კვირასაც ისაუბრა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გვაფიქრებინა დედაქალაქის შეცვლა, არის რესურსებსა და ხარჯებს შორის დისბალანსი თეირანში. ნედლეულის სამხრეთიდან ცენტრამდე ტრანსპორტირება, გადამუშავება და შემდეგ საექსპორტოდ ისევ სამხრეთით დაბრუნება ჩვენს კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ჩვენ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი სამხრეთით, ზღვასთან უფრო ახლოს უნდა გადავიტანოთ,“ - ამბობს პრეზიდენტი.

ქალაქი მაკრანი, რომელიც ირანის სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარეობს, ომანის ყურესთან ახლოსაა და ქვეყნის სავაჭრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად დიდი რესურსი აქვს.

მიმდინარე კვირას მაკრანზე ირანის ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ რეზა არეფმაც ისაუბრა. მისი შეფასებით, „ზღვაზე ორიენტირებული განვითარების გარდა, მაკრანის განვითარება ამჟამინდელი მთავრობისთვის პრიორიტეტია“.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ