შაქარზე მსოფლიო ფასები ბოლო ექვსი წლის მინიმუმამდე დაეცა

2009 წლიდან დღემდე მსოფლიო ბაზარზე შაქარი თითქმის სამჯერ, წლის დასაწყისიდან კი 30%-ით გაიაფდა და მისმა ღირებულებამ ფუნტზე 12 აშშ ცენტი შეადგინა.

შაქარზე ფასების კლების მიზეზი ძვირი დოლარი და იაფი ნავთობია, რომელმაც პროდუქტის წარმოების ხარჯები შეამცირა. "თეთრ ოქროზე" ფასების დრამატული ცვლილება ქართულ ბაზარზე შესამჩნევად არ ასახულა. როგორც აგარის შაქრის ქარხნის დირექტორმა, ალხენ ალიზადემ bpn.ge -ს განუცხადა, ნედლეული 100%-ით უცხოეთიდან შემოაქვთ, ლარის გაუფასურებამ კი ეს პროცესი დააბალანსა.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ პროდუქციაზე მაქსიმალურად დაბალი ფასის შენარჩუნებას ცდილობენ, რადგან ღია ბაზრის პირობებში ქართულ საწარმოს კონკურენციის გაწევა იმპორტიორებთან უჭირს. "ბაზარი ყველა მიმართულებით გახსნილია, შაქარი შემოდის პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან. პირველ კვარტალში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით იაფფასიანი უკრაინული შაქრის გამო - გრივნა სამჯერ იყო გაუფასურებული, ამასთანავე, ქვეყანამ დემპინგურ ფასში დაიწყო პროდუქციის შემოტანა. ვითარება ახლა შედარებით დასტაბილურდა", - განაცხადა ალხან ალიზადემ.

მისი თქმით, საწარმოს რეალიზაცია გასულ წელთან შედარებით 20%-ით შეუმცირდა. აღსანიშნავია, რომ შაქრის იმპორტი 2015 წლის იანვარ-მაისში შარშანდელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 21 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ბელა ნოზაძე