„წმინდა რეზერვები არ გაზრდილა,“ - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესახებ გამოქვეყნებულ სტატისტიკას.
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში შემცირდა, თვის ჭრილში კი გაიზარდა. დეკემბერში წლიურად მთლიანი რეზერვები 562 მლნ დოლარით შემცირდა, თვის ჭრილში კი 323.6 მლნ დოლარით გაიზარდა. 2024 წლის დეკემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4.447 მლრდ დოლარს, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 5.009 მლრდ დოლარს.
რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3.396 მლრდ დოლარს, ნოემბერში კი 3.059 მლრდ დოლარს. 2023 წლის დეკემბერში კი სებ-ს 4.553 მლრდ დოლარის სავალუტო რეზერვები ჰქონდა. შესაბამისად, გამოდის, რომ დეკემბერში წლიურად სავალუტო რეზერვები 1.157 მლრდ დოლარით შემცირდა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ბოლო სტატისტიკური მონაცემების შესახებ კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამაც. მისი შეფასებით, „წლის ბოლოს სებ-მა მოახერხა და სოლიდური ზრდა გვაქვს სავალუტო რეზერვებში“.
რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ რეზერვები ფიქტიურად გაიზარდა. კერძოდ, მისი შეფასებით, სებ-მა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის 5%-ით მეტი „გაუყინა“, რითაც რეზერვების მოცულობა გაიზარდა, თუმცა, ეს თანხა ეროვნული ბანკის ვალდებულებაა და რეზერვების წმინდა ზრდაზე არ მიუთითებს.
„ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გასულ თვეში, დეკემბერში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 324 მილიონი დოლარით გაზრდილა. ნოემბერში იყო 4,123 მილიარდი დოლარი, დეკემბერში გახდა 4,447 მილიარდი დოლარი.
რამ გამოიწვია ეს ზრდა - იყიდა ეროვნულმა ბანკმა დოლარები ან ბიუჯეტში შემოვიდა რაიმე სახის უცხოური დახმარება? არა, ასე არ მომხდარა. რაც მოხდა რეზერვების ფიქტიური ზრდაა,“ - აღნიშნავს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
ამასთან, გოცირიძე აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, რაც უკვე დაწყებულია, რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსება შეუძლებელია“.
„კრიტიკულ ზღვარზე დაბლა აღმოჩენილი რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა/დაურეზერვა, ვიდრე მანამდე იყო. ნორმატივი მანამდე შეადგენდა მოზიდული უცხოური ვალუტის მოცულობის 20 პროცენტს, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი. ამით, რეზერვების მოცულობა კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის წმინდა რეზერვები, მატება მხოლოდ ქაღალდზეა, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ,“ - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.