კახელი გლეხები ატმის რეალიზაციით მოგებას ვერ ნახულობენ

კახეთში წელს გლეხებს ატმის რეალიზაცია არ უჭირთ, თუმცა უკმაყოფილებას დაბალი ფასის გამო გამოთქვამენ.

ჩუმლაყელი ფერმერები ამბობენ, რომ შხამქიმიკატები შარშანდელთან შედარებით ძვირი ღირდა, რის გამოც მოგებას ვერ ნახულობენ. "ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს. ერთი წამლობა 1000 ლარამდე ჯდება. წელს ატამს ჭია შეესია, ატმის გადასარჩენად ყველა ღონე ვიხმარეთ. ატმის შეწამვლა 4-ჯერ მოგვიწია. წლიდან წლამდე ამას შევყურებთ და მოგებას ვერ ვნახულობთ. ჩვენს შრომას გვერდზე გადავდებთ, მთავარია შხამქიმიკატების, გასხვლისა და მოხვნის ფული დავფაროთ, მეტი არაფერი გვინდა. იმდენი მოვლა სჭირდება, ეს ფასი ხარჯებსაც კი ვერ დაგვიფარავს", - აცხადებენ კახელი ფერმერები.

ჩუმლაყში მდებარე ხილის კომპანიამ 120 ტონა ატამი უკვე ჩაიბარა და 2000 ტონამდე ატმის ჩაბარებას გეგმავენ. კომპანია ყველანაირი ხარისხის ხილს უპრობლემოდ იღებს. ჩუმლაყის სარეალიზაციო ბაზარზე 1კგ. ატმის ფასი 40 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. ვაშლატამას ფასი კი 50 თეთრიდან 80 თეთრამდეა.

თიკო გურაშვილი