რატომ ვბერდებით სწრაფად

გაერო-ს მონაცემებით, 2030 წლისთვის საქართველოში პენსიონერთა რიცხვი 1 მილიონს მიაღწევს

2015 წლის 1 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 701 440 პენსიონერია, 2014 წელს კი ქვეყანაში 680 000 პენსიონერი იყო. არადამაიმედებლად ჟღერს გაერო-ს პროგნოზიც, რომლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური დაბერების ტენდენციაა და 2030 წლისთვის პენსიონერთა რიცხვი მილიონს მიაღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდების რაოდენობა შემცირდება.

რატომ ვბერდებით სწრაფად? როგორია დემოგრაფების პროგნოზი და პენსიონერთა გაზრდილი რაოდენობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება?

დევი ხეჩინაშვილი საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე: "სწრაფად დაბერება ეკონომიური თვალსაზრისით მძიმეა, მაგრამ სოციალურად კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ეს უკეთესი სამედიცინო მომსახურების, უკეთესი კვების, ჰაერისა თუ სხვა ფაქტორების გავლენაა და ცალკე საკითხია. ზოგადად, მსოფლიოში ერთგვარი ტენდენცია შეიმჩნევა, რომ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანთა რაოდენობა იზრდება. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი, მით მეტია ჯანდაცვის დანახარჯები. მეორე მომენტია ის, რომ მძაფრად ვლინდება სოლიდარული საპენსიო სისტემები, რომელიც თაობათა შორის სოლიდარობაზეა დამოკიდებული. ახალგაზრდები საპენსიო შენატანებს იმ იმედით იხდიან, რომ როცა თავად დაბერდებიან, მათ შემდეგი თაობა პენსიას გადაუხდის. ამ ფორმულის დაცვა სულ უფრო რთული ხდება. საერთო შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ პენსიაზე მიდის. ახლაც ძალიან დიდია საპენსიო დანახარჯები."

დემოგრაფიული ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე სწრაფად დაბერების ორ ძირითად მიზეზს ასახელებს - შობადობის შემცირება და ემიგრაციის გაზრდილი რაოდენობა: "საქართველო სწრაფად დაბერებადი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. ყველაზე დაბერებულ 25 ქვეყანას შორის, საქართველო მე-14 ადგილზეა. ეს პროცესი 90-იანი წლებიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოლო წლებში შობადობის მხრივ ერთგვარი მატებაა, წელიწადში დაახლოებით 5 000 ბავშვი იბადება ანუ პლიუსში ვართ. მაშინ ისმის კითხვა - სწრაფად რატომ ვბერდებით? მარტივი ახსნა აქვს - 1980-1989 წლებში ანუ 10 წლის მანძილზე დაბადებულ ქალთა რაოდენობა 454 ათასს შეადგენდა. 2000-დან 2009 წლამდე კი 236 ათასი ქალი დაიბადა. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ქალთა რაოდენობა განახევრდა. 80-იან წლებში დაბადებული ქალების შობადობა 2004 წლამდე მიმდინარეობს, ხოლო 2020 წლიდან შობადობა იწყება 2000-დან 2009 წლამდე დაბადებულ ქალებში. ნათელია, რომ 2020 წლიდან შობადობა განახევრდება და კლებისკენ წავა. დემოგაფიული კუთხით კატასტროფული მდგომარეობა გველის. გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის 1 მილიონ 170 კაცით ვმცირდებით."

სოსო არჩვაძე, ეკონომისტი: "2014 წლის საყოველთაო აღწერამ იმხელა დისონანსი შეიტანა ექსპერტების, მეცნიერებისა და ეკონომისტების გათვლებში, ბევრი რამის ხელახალი გადაანგარიშება და გააზრებაა საჭირო. დღეს ქვეყანაში პენსიონერის ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე ეს 1981 წელს იყო, ეს მაშინ, როცა საპენსიო ასაკი 5 წლით დაბალი იყო. ამიტომ, მოსახლეობა თანდათან ბერდება. ეს დამაფიქრებელია. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალგაზრდა თაობას უწევს მეტი რაოდენობის პესნიონერის შენახვა და სახსრების გამოყოფა. ამასთან, ეკონომიური პირობები იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ოჯახმა მეტი ბავშვი იყოლიოს. ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებლია."

როგორც ჩანს, სახელმწიფოს ხელშეწყობა ჯერ კიდევ საკმარისი არ არის, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდეს. ამასობაში კი, ვბერდებით.

სალომე გოგოხია