ახალი წლისთვის სრულად დატვირთულები ვიყავით, - ამის შესახებ გუდაურში მდებარე სასტუმრო „კარპე დიემის“ წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც სასტუმროში აღნიშნავენ, ამჟამად დატვირთულობა ჩვეულებრივ ნიშნულზე რჩება. მათივე ინფორმაციით, მომავალი ორი თვის განმავლობაში სასტუმრო მაღალი დატვირთულობით იმუშავებს.
„დატვირთულობა ნორმალურია ამ ეტაპისთვის. ახალი წლისთვის თითქმის სულ სავსე იყო სასტუმრო. იანვარი, თებერვალი, მარტის დასაწყისში ჯერჯერობით ვინარჩუნებთ მაღალ დატვირთულობას. ჩვენთან ახლა უცხოელი დამსვენებლებიც არიან და ქართველებიც. უცხოელები უფრო დიდი ინტენსივობით პოლონეთიდან და ისრაელიდან არიან“, - განაცხადეს „კარპე დიემში“.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 44 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ეს ადამიანები თვლიან, რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.
პროტესტს გამოხატავენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც და აღნიშნავენ, რომ მათ სფეროზე კრიზისი ყველაზე მალე ისახება. მაგალითად, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის კვლევით, ქვეყანაში არსებული მოვლენების ეფექტი სექტორს უკვე შეეხო. კერძოდ, მხოლოდ 1-14 დეკემბერს ტურიზმის სექტორის საერთო ზარალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა. ტურიზმის სექტორში გამოიკითხა, ჯამში 221 ორგანიზაცია, რომელთა 34% ამბობს, რომ ჯავშნების 50-დან 80%-მდე გაუქმებულია.