ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და მომენტალურად მოუწევს ნათია თურნავას გადადგომა, თუ აშშ-მა ეს პირები დაასანქცირა - რომან გოცირიძე

„თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ადამიანები დაასანქცირა, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება,“ - ასე ეხმაურება ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ს მო­მა­ვალ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ოს კონ­გრე­სი­დან გა­უგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

გამოცემის ცნობითვე, ამ წერილში მოხვდა 25 ადა­მი­ა­ნი - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

„სია, რომელიც კონგრესმა გადასცა ამერიკის მთავრობას, ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ უფრო აღრმავებს და აფართოებს სასანქციო პოლიტიკას საქართველოს პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ სიაში ორი მნიშვნელოვანი სიახლეა.

პირველი ის, რომ ამ ხელისუფლების კლანის გამაძლიერებელი ბიზნესის წარმომადგენლები მოხვდნენ ამ სიაში. ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ასაზრდოებს ამ რეჟიმს, ისინი ეხმარებიან რუსული გავლენის გაძლიერებას ქვეყანაში და ამავე დროს, თავად საზრდოობენ ბიუჯეტიდან და ბიძინა ივანიშვილის ხელიდან.

მეორე, ამ სიაში მოხვდა ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამერიკის მთავრობამ ეს ადამიანები დაასანქცირა, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და მომენტალურად მოუწევს ნათია თურნავას გადადგომა. ყოველ შემთხვევაში, ის ვეღარანაირ აღმასრულებელ პოსტს ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ გონს უნდა მოეგოს ბიძინა ივანიშვილი, სანამ ყველაფერი არ ჩამოშლილა და ჩამონგრეულა. მაინც მოუწევს არჩევნების დანიშვნა და დროზე გააკეთოს ეს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან: „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინე ხვედელიძე; ბიძინა ივანიშვილის ძმა ალეკო ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი შმაგი კობახიძე. ასევე: ნათია თურნავა, კახა ბექაური, თორნიკე რიჟვაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ირაკლი რუხაძე, სოსო ფხაკაძე, ხვიჩა მაქაცარია, ირაკლი გილაური, ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, ილია წულაია, ნოშრევან ნამორაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

თაია არდოტელი