"გასულ წელს საქართველო იყო უპრეცედენტო რეგიონში, ჩვენ გვქონდა გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა - 4,8%"

გასულ წელს საქართველო იყო უპრეცედენტო რეგიონში, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების ჩათვლით და ჩვენ გვქონდა გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა - 4,8%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "2030"-ში განაცხადა.

მისი თქმით, სხვა ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპაში არის რეცესია, რაც ყირიმის მოვლენებმა, უკრაინაში ომმა და რუსეთში არსებულმა კრიზისმა განაპირობა.  "რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა და გლობალური ბაზრის ნაწილი. მსოფლიო ბაზარზე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენები პირდაპირ აისახება ჩვენს მდგომარეობაზე. წელს გათვლილი გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, როგორებიც არის - კრიზისი აღმოსავლეთში, "ისლამური სახელმწიფოს" პრობლემა, კრიზისი რუსეთსა და უკრაინაში, - არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, რეგიონის ბევრ ქვეყანას მოუწია ეკონომიკური ზრდის პარამეტრების გადახედვა. ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან და ვთვლით, რომ 2%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ორი კვარტლის მონაცემებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება და ჩავარდნა პრაქტიკულად არ შეინიშნება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველ კვარტალში დაახლოებით 3,2%-იანი ზრდა იყო, რაც მეორე კვარტალში შემცირებულია, თუმცა მთავრობა ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანა 2%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს.