"ბი-პი"-ს კონტრაქტორი ფირმის სამშენებლო ბაზაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმას ტერიტორიაზე არსებული კომპანია "ბი-პი"-ს კონტრაქტორ ფირმა "ბეხტელენკას" სამშენებლო ბაზაზე დასაქმებული მუშები დილიდან გაფიცულები არიან.

გაფიცულმა მუშებმა სამშენებლო ბაზის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ოთხპუნქტიანი მოთხოვნები აქვთ. ისინი "ბეხტელენკას" ხელმძღვანელობისგან სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების აღდგენას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სამშენებლო პროცესისასთვის საჭირო ტექნიკის ადგილობრივებისგან დაქირავებას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული ერთ-ერთი დასაქმებულის, მერაბ ვანაძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მერაბ ვანაძე მათ უფლებებს იცავდა ხელმძღვანელობასთან და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, გაფიცული მუშების თქმით, შრომითი ხელშეკრულება, რომელიც მათ "ბი-პი"-ს კონტრაქტორ ფირმა "ბეხტელენკასთან" აქვთ გაფორმებული, კაბალურია. ისინი შრომითი ხელშეკრულების გადახედვას და პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვენ. გაფიცული მუშები მოთხოვნების შესრულებამდე სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ.

"ბი-პი"-ს კონტრაქტორი ფირმა "ბეხტელენკას" თანამშრომლები ორიოდე კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ბაზაზეც გაიფიცნენ. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დაწესებული ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ. რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ "ბეხტელენკას" ხელმძღვანელობა გაფიცული მუშების მოთხოვნების შესრულებაზე დათანხმდა.