რუსეთი აფხაზეთს 5.2 მლრდ რუბლით დაეხმარება

წელს რუსეთი აფხაზეთს 5.2 მლრდ რუბლით (50.7 მლნ დოლარით) დაეხმარება. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. 2025 წლის ბიუჯეტში წერია, რომელიც დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით 30 დეკემბერს მიიღო.

კერძოდ, ე.წ. საბიუჯეტო შემოსავლები 17.35 მლრდ რუბლს (169 მლნ დოლარს) შეადგენს, საიდანაც 12 მლრდ რუბლზე მეტი (117 მლნ დოლარი) საკუთარი შემოსავლებიდან არის გათვალისწინებული, ხოლო 5.2 მლრდ რუბლი რუსეთის დახმარებაა.

ეს დახმარება მიღწეული შეთანხმებების, კონტრაქტებისა და ე.წ. სამთავრობათაშორისო შეთანხმებების საფუძველზე გამოიყოფა.

ცნობისთვის: რუსეთმა 1-ლი სექტემბრიდან აფხაზეთის “ბიუჯეტის,” კერძოდ, პენსიების გარდა, ე.წ. საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსებისთვის ყველა გადახდა ჯერ შეაჩერა, ხოლო ნოემბრიდან მთლიანად შეწყვიტა. დეკემბერში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და სოციალური გადასახადების თანადაფინანსების აღდგენას სთხოვდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ