„ნებისმიერი ტიპის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Geo Realty-ის დამფუძნებელი მაია გამზარდია აცხადებს.
მისი თქმით, იჯარაზე და ქირაზე მოთხოვნა შემცირებულია როგორც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. რაც შეეხება გაყიდვებს, ამ მხრივ ბაზარზე ქართველების მხრიდან აქტიურობა შეინიშნება.
„დეკემბრის ბოლოსთვის შემცირებული იყო საგრძნობად არამხოლოდ მოთხოვნა, არამედ მომხმარებლების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყო გახანგრძლივებული. ყიდვის სურვილი ჰქონდა ყველას, მაგრამ, რატომღაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ უძრავ ქონებაზე ფასები შესაძლოა, შემცირებულიყო და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ.
ახალი წლების პერიოდის გავლის შემდეგ, ახლა გაცილებით გამოცოცხლდა ბაზარი, მაგრამ კლიენტებს ისევ აქვთ ვარაუდები რომ შესაძლოა, ფასები შემცირდეს და იაფად იყიდონ. ამ ნაწილში გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოლოდინები უძრავ ქონებაზე ფასების შემცირების კუთხით არ გამართლდა.
მოლოდინები უფრო მეტის გვქონდა, თუმცა, ფაქტია, ნებისმიერი არეულობა მოქმედებს გარემოზე და რაღაც მომენტში აფერხებს უძრავი ქონების სექტორს. ფასები ისეთი შემცირებული არ არის, როგორი მოლოდინებიც ჰქონდათ ადამიანებს, ამიტომ, მოთხოვნაც შედარებით გაიზარდა და პროცესიც გააქტიურდა.
მოთხოვნა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ქირებზე და იჯარაზე შემცირებულია, ყიდვაზე ქართველები უფრო გააქტიურებულები არიან, ასევე არიან აზერბაიჯანისა და ისრაელის მოქალაქეები. რუსეთთან მიმართებაში ვერაფერს ვიტყვი, რადგან რუსი კლიენტები მე არ მყოლია არასდროს“, - განაცხადა მაია გამზარდიამ.