იაპონიამ ცხინვალის ბანკი დაასანქცირა

იაპონიამ ცხინვალის MRB Bank-ს („Международный Расчетный Банк“) სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის განცხადებაში წერია.

კერძოდ, MRB Bank მთავრობის მიერ დაანონსებულ იმ სასანქციო პაკეტში მოხვდა, რომელიც რუსეთის სამ ბანკს, 29 იურიდიულ და 11 ფიზიკურ პირს ეხება. ასევე, წესდება საექსპორტო შეზღუდვები 22 რუსული ორგანიზაციის მიმართ და 335 სახეობის საქონელზე, რაც ძალაში 23 იანვრიდან შევა.

აღსანიშნავია, რომ MRB Bank ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმის დარღვევის გამო გასული წლის სექტემბერში აშშ-ის ხაზინამაც დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის ხაზინის ცნობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის ნებართვით ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ დაფუძნებული MRB Bank-ის მეშვეობით მილიონობით დოლარის ოპერაციები ჩრდილოეთ კორეაში მყოფ კლიენტებთან სრულდებოდა, ხოლო ფულის გათეთრების სქემა რუსეთის ბანკიდან იმართებოდა. საქმეში რუსული TSMRBank-იც მონაწილეობდა, რომლის ვიცეპრეზიდენტ დიმიტრი ნიკულინს ცხინვალის ბანკში მილიონობით დოლარის ნაღდი ფული პირადად შეჰქონდა, რაც შემდგომ ჩრდილოეთ კორეაში გადაირიცხებოდა.

ამასთან, MRB Bank რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკთან, ლუგანსკთან და ზაპოროჟიესთან გადარიცხვების გამო 2023 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა.

ცნობისთვის: MRB Bank-ი ოკუპირებულ ცხინვალში 2015 წელს დაფუძნდა, ხოლო 2017 წლის აპრილში საქმიანობის ლიცენზია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური ბანკისგან მიიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ