ქვეყანა, რომელშიც მხოლოდ 2 სასტუმროა და წლიურად 160 ტურისტი სტუმრობს

მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტურისტებისთვის მიმზიდველი არ არის. რა არის ამის მიზეზი? "ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, ძირითადად ამის მიზეზი ქვეყნის ადგილმდებარეობა, ფასები, სავიზო რეგულაციები, ან ომის მდგომარეობაა.

ამ სიის სათავეში ნაურუ მოექცა, რომელსაც წლიურად მხოლოდ 160 ტურისტი სტუმრობს. ამ მცირე ზომის ქვეყანაში, მხოლოდ ორი სასტუმროა. მას მოჰყვება სომალი 400 ტურისტით წელიწადში. აფრიკის ამ სახელმწიფოში მუსლიმანი ექსტრემისტები მოქმედებენ, რის გამოც ტურისტები იქ ჩასვლისგან თავს იკავებენ.

მესამე ადგილზე ტუვალუ გავიდა, რომელსაც წელიწადში 1 200 ტურისტი სტუმრობს. მეოთხე ადგილს კი მარშალის კუნძულები იკავებს 4 600 ვიზიტორით. რაც შეეხება ტურისტებისათვის სხვა ნაკლებად მიმზიდველ ქვეყნებს, ათეულში მოხვდა თურქმენეთი, გვინეა-ბისაუ, კირიბატი და ლიბიაც. ნაკლებად მიმზიდველი ქვეყნების სიაშია ჯუჯა-სახელმწიფო ლიხტენშტეინიც. იგი 60 000 ტურისტით 21-ე ადგილს იკავებს.