წიწამურიდან ავჭალამდე 3.4 კმ სიგრძის გვირაბი გაიჭრება - თბილისის შემოვლითი გზის პროექტის დეტალები

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი შეფასების სამსახურს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის სქემა წარუდგინა.

დოკუმენტების მიხედვით, საპროექტო გზის 6.5 კმ-ის სიგრძის მონაკვეთი წიწამურის კვანძიდან იწყება და ავჭალამდე გადის. ადგილზე მოეწყობა 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზა. თითოეული სავალი ნაწილი სიგრძე 3.75 მეტრი იქნება. საპროექტო სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

პროექტი ითვალისწინებს არსებული გზის მოდერნიზებას, ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობას. წიწამური-ავჭალის მონაკვეთი მცხეთის ჯვარს გვერდს სწორედ ამ გვირაბის საშუალებით აუვლის. გვირაბი მცხეთის ჯვრიდან 1.3 კმ-ით იქნება დაშორებული.

დოკუმენტების თანახმად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა 239 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 183 კერძო საკუთრებაშია. ამასთან, 85 კერძო მიწის ნაკვეთი სხვადასხვა კომპანიებისა და კომერციული ორგანიზაციების საკუთრებას წარმოადგენს.

„აღწერის შედეგად გამოვლინდა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული 78 შინამეურნეობა, მათგან 2 მოწყვლადი და 10 ადგილმონაცვლე შინამეურნეობა. კომპენსაციის საკითხების მართვა მოხდება მიწის შესყიდვის და განსახლების გეგმის შესაბამისად“, - აღნიშნულია პროექტში.

ცნობისთვის, ნატახტარი-ჟინვალისა და თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი-რუსთავი) მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა. პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის პროექტირებაზე მუშაობა იმ პერიოდიდანვე დაიწყო. თბილისის შემოსავლელი გზის ორი მონაკვეთის პროექტირების დასრულება 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

აღნიშნულ პროექტზე ხელშეკრულება გაფორმებულია იტალიურ კომპანიასთან - ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl-თან. კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის ახალი შემოვლითი გზა დაიწყება ჟინვალიდან, ამავე სამუშაოების ფარგლებში მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან გაიჭრება ახალი გვირაბი, შემდეგ მაგისტრალი გვერდს აუვლის თბილისის ზღვას, გაივლის დიდი ლილოს მიმდებარედ და დაუკავშირდება რუსთავს.

მერი ტაბატაძე