ინდოეთი თავის პორტებში აღარ დაუშვებს რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერებს, რომლებიც აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ მოხვდნენ.
ინფორმაციას Bloomberg ინდოელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მხოლოდ იმ გემებს ექნებათ პორტებში შესვლის უფლება, რომლებიც 10 იანვრამდე დაიქირავეს და მხოლოდ იმ პირობით, თუ 12 მარტამდე გადაიტვირთებიან. ასევე, ინდოეთის ბანკები ნავთობის წარმოშობის სერტიფიკატებს მოითხოვენ, რომ დარწმუნდნენ, არის თუ არა მიმწოდებელი სანქცირებული.
ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მმართველები მიწოდების ძირითადი შეფერხებისთვის ემზადებიან, რომელიც შესაძლოა, სამიდან ექვს თვემდე გაგრძელდეს და დღეში 800,000 ბარელამდე ნავთობის იმპორტზე იქონიოს გავლენა. ქარხნები გრძელვადიანი გარიგების შესაძლებლობას ახლო აღმოსავლეთის მიმწოდებლებთან განიხილავენ.
ინდოეთი, ასევე, „როსნეფტის“ პროექტ Vostok Oil-ში სახელმწიფო კომპანიების წილის საკითხს განიხილავს, რადგან ეს პროექტიც აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვდა. ინდური კონსორციუმი ONGC Videsh Ltd., ასევე, Indian Oil Corp. (IOC) და Bharat Petroresources Ltd. (BPRL) „ვანკორნეფტის“ 49,9%-ს ფლობს, რომელიც კრასნოდარის მხარეში ვანკორის ნავთობისა და გაზის კონდენსატის საბადოს ავითარებს.
ინდოეთის ნავთობის მინისტრმა და სახელმწიფო კომპანიების მმართველებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს. მთავარი თემა იყო ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლის წილიც ინდოეთის ნავთობიმპორტში, დაახლოებით, მესამედს შეადგენს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მიღებაზე ჩინეთმაც უარი თრქვა. კერძოდ, სანქცირებული გემები, Huihai Pacific, Mermar და Olia, რომლებსაც 2 მლნ ბარელზე მეტი ნავთობი გადაჰქონდათ, ამჟამად ჩინეთის აღმოსავლეთ წყლებში უმოქმედოდ დგანან. სამივე ტანკერი დალნივოსტოკის პორტ კოზმინოდან გამოვიდა.
ცნობისთვის: 10 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმავალმა ადმინისტრაციამ რუსეთის ნავთობინდუსტრიის მიმართ მასშტაბური სანქციები დააწესა, რომელიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ 180-ზე მეტ ტანკერს, ნავთობკომპანიებსა და სადაზღვევო კომპანიებს შეეხო. შეზღუდვები Gazprom Neft-ს, მის შვილობილ კომპანიასა და Surgutneftegaz-ს, ასევე, „ალფასტრახოვანიესა“ და „ინგოსსტრახს“ შეეხო. შედეგად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ტანკერების რიცხვი გაორმაგდა. Lloyd's List-ის მონაცემებით, "ჩრდილოვანი ფლოტი," რომელსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვს, თითქმის, 670 ტანკერს მოიცავს.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებაზე ბირჟამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და რუსული ნავთობკომპანიების აქციები მოსკოვის ბირჟაზე დაეცა.
2 დღეში „GazpromNeft“-ის კაპიტალიზაცია 34 მილიარდი რუბლით შემცირდა. ამავე პერიოდში Surgutneftegaz-მა დაკარგა 29 მილიარდი რუბლის კაპიტალიზაცია. „როსნეფტის“ კაპიტალიზაცია 298 მილიარდი რუბლით შემცირდა.
საერთო ჯამში, სამი ნავთობკომპანიის კაპიტალიზაცია, რომლებიც რუსეთში ნავთობის წარმოების 2/3-ს ფლობს, 361 მილიარდი რუბლით შემცირდა, ანუ 3,54 მილიარდი დოლარით, რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. გარდა ამისა, Sovcomflot-ის კაპიტალიზაცია 9 მილიარდი რუბლით შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ