ფეხბურთის გულშემატკივრებს სთხოვენ, უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან დადგნენ

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა მსურველებს სთხოვს, უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან დადგნენ.

როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საღამოს შსს-სთან ერთად ჯებირების დაყენება და ადგილის მოწესრიგება დაიწყება. "დღეს საღამოს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვიწყებთ ჯებირების დაყენებას, მოწესრიგებას იმ ადგილის და ხვალ, 09:00 საათიდან სალაროებისკენ ცოცხალი რიგი დაიძრება. ყველას ვთხოვ, რომ პროვოკაციებზე არ წავიდნენ, არაფერი ისეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან და ბილეთები შეიძინონ", - აღნიშნა სიჭინავამ.

სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის თქმით, უეფა-სთან ყოველდღიური კონტაქტია, სრულად არიან ჩართულები და შესაბამისად, ყველა ინფორმაცის ფლობენ. "ის, რომ ხვალ დილიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს თემაც მათთან არის შეთანხმებული", - აღნიშნა დვალიშვილმა.

როგორც ცნობილია, ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ ბილეთების შეძენას შეძლებენ. შექმნილია ჯგუფები და თითოეული ასეთი ჯგუფი 50 პირს აერთიანებს. ჯგუფებს ჰყავს თავიანთი ხელმძღვანელი.